კრესპო: ‘სიგიჟეა, მაგრამ “მილანის” ფეხბურთელები ფინალის შემდეგ მირეკავდნენ’
ვეტერანმა არგენტინელმა თავდამსხმელმა ერნან კრესპომ 2007 წელი გაიხსენა, როცა ათენის ფინალის შემდეგ მას “მილანის” ფეხბურთელები ურეკავდნენ.
როგორც იცით, 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მილანი” “ლივერპულთან” დრამატულ შეხვედრაში დამარცხდა. კრესპომ “როსონერის” მაისურით, ამ მატჩში დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ არგენტინელი “ინტერი” გადავიდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, “შავ-წითლებს” ის არ დავიწყებიათ.
“სტამბულის ფინალიდან ორი წლის შემდეგ, როცა “მილანი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისევ “ლივერპულს” შეხვდა, მე “ინტერში” ვთამაშობდი. მაშინ “ინტერთან” ერთად სკუდეტო მოვიგე. თუმცა, ფინალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ, როცა ყველა გახარებული იყო ტურნირის მოგებით, ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ჩემ ტელეფონზე ბევრი ზარი შემოვიდა. მირეკავდნენ ბიჭები, კლუბის პერსონალის წევრები და მეუბნებოდნენ, რომ ‘შენ ეს დაიმსახურე და ეს შენთვისაა’.
ამ დროს “ინტერში” ვთამაშობდი, მაგრამ “მილანის” წევრებთან, ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მხოლოდ სპორტსმენი არ უნდა იყო, მთავარია იყო ადამიანი. მათ მე ვახსოვდი ორი წლის შემდეგაც. მომდიოდა ბევრი შეტყობინება, მეუბნებოდნენ, რომ ერთ-ერთი მათთაგანი ვიყავი, მე კი “ინტერში” ვთამაშობდი. ეს სიგიჟეა, მაგრამ ჩემთვის სწორედ ადამიანური ურთიერთობებია მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კრესპომ.