საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა POSTV-ის ეთერში განაცხადა, რომ ჩინეთის საელჩო უსამართლოდ მოექცა და ორსული მეუღლის და შვილის ნახვის საშუალება არ მიეცა.
დიქსონს დღეს ჩინეთის საელჩო გამოეხმაურა.
“ახალი კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის ფონზე, საერთაშორისო მოგზაურობისას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისა და ეპიდემიის საერთაშორისო გავრცელების რისკის შესამცირებლად, ჩინეთის სახელმწიფომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსასვლელ სავიზო პოლიტიკაში კორექტივები შეიტანა, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა. ჩინური მხარის მიერ დაკორექტირებული სავიზო პოლიტიკა ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ერთნაირად ეხება.”
საელჩოს განცხადებით, დიქსონის ოჯახის წევრები ჩინეთში ამჟამად არ იმყოფებიან.
“ბ-ნ მაიკლ დიქსონმა ვიდეოში ახსენა, რომ მას აქვს ვიზიტით გამგზავრებისთვის საჭირო მოწვევის წერილი, რაც სუბტიტრებში ოჯახის მონახულების მიზნით მოწვევის წერილად იყო მოხსენიებული.
ბ-ნ მაიკლ დიქსონის მიერ წარმოდგენილი მოწვევის წერილი გაცემულია ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქის მიერ, რომელიც გაცვლითი და კვლევითი მიზნებისათვის ვიზიტის განხორციელების საშალებას იძლევა. მის მიერ წარომდგენილი მოწვევის წერილი ოჯახის მონახულების მიზნით ვიზიტის საფუძველს არ წარმოადგენს და ამასთანავე, მისი ოჯახის წევრები ამჟამად ჩინეთში არ იმყოფებიან.”
ასევე, საელჩო პასუხობს მაიკლს უპატივცემულო მოპყრობის შესახებ.
“ბ-ნ მაიკლ დიქსონმა ვიდეოში ახსენა, რომ საელჩოში პირველად მოსვლისას, დაცვის თანამშრომელმა მას საკონსულოში შესვლის უფლება არ მისცა.
ეპიდემიის პერიოდში, საელჩოში მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. საელჩოში პირველად მოსვლისას, ბ-ნ მაიკლ დიქსონს ვიზიტი წინასწარ შეთანხმებული არ ჰქონდა და თანაც, აღნიშნულ დღეს უცხოელთა მიღების საათები არ ყოფილა.”
“ბ-ნ მაიკლ დიქსონმა ვიდეოში ახსენა, რომ ჩვენი საელჩოს თანამშრომელმა ქ-ნ გვანცა არაბულმა მისი სავიზო განაცხადის ფორმა მის თვალწინ დახია.
6 ნოემბერს, როცა ბ-ნ მაიკლ დიქსონი პასპორტის გასატანად საელჩოში მოვიდა, ქ-ნ გვანცა არაბულმა ადრე გაცემული პასპორტის გატანის ფორმა უკან დაიბრუნა და წესისამებრ მოიქცა. მას სავიზო განაცხადის ფორმა არ დაუხევია.”
“ბ-ნ მაიკლ დიქსონმა ვიდეოში ახსენა, რომ ქ-ნ გვანცა არაბულმა დაცვას მისი საკონსულოდან გაყვანა სთხოვა.
იმის გამო, რომ შესაბამისი მომსახურების გაწევა შეუძლებელი იყო, ეპიდემიის პრევენციის მიზნით ჩვენი საელჩოს მოთხოვნაა, რომ მიღების დასრულების შემდეგ, აპლიკანტი დიდხანს არ გაჩერდეს საკონსულოში. შესაბამისად, ქ-ნ გვანცა არაბულმა ბ-ნ მაიკლ დიქსონს აცნობა, რომ შეეძლო საკონსულო დაეტოვებინა, დაცვამ კი მას კარი გაუღო. ბ-ნ მაიკლ დიქსონმა თავად დატოვა საკონსულო, დაცვას მასთან ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია და იგი არ გაუყვანია.”
ჩინეთის საელჩოს განცხადებით, ისინი მზად არიან ქართველ ხალხთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
“ჩინეთის საელჩო საქართველოში ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას მუდამ მხარს უჭერს. იმედი გვაქვს, ბ-ნ მაიკლ დიქსონი და მისი ოჯახის წევრები და ჩვენი ქართველი მეგობრები ჯანმრთელად და უსაფრთხოდ იქნებიან. ჩვენ მზად ვართ ქართველ ხალხთან სოლიდარობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ეპიდემიასთან ბრძოლაში ერთობლივი გამარჯვების მისაღწევად.”