საქართველო – ჩრდ. მაკედონია: მსაჯთა ვინაობა ცნობილია
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა შორის გასამართ მატჩს ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი არბიტრი 42 წლის ენტონი ტეილორი იქნება, რომელსაც გარი ბესუიკი და ადამ ნანი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯად კრეიგ პოუსონი იმუშავებს. ვიდეოდამხმარე რეფერი სტიუარტ ეტუელი იქნება, რომელსაც პოლ ტირნი დაეხმარება.
ენტონი ტეილორი ფიფას მსაჯი 2013 წლიდან არის. ის პრემიერლიგის ტურის ცენტრალურ მატჩებსა და ევროთასების შეხვედრებს ხშირად სჯის ხოლმე. ტეილორმა მიმდინარე წლის სექტემბერში მიუნხენის “ბაიერნსა” და “სევილიას” შორის გამართული უეფას სუპერთასის მატჩიც (2:1) განსაჯა.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის მატჩი “დინამო არენაზე”, 12 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.