“იუვენტუსს” კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე დაყენება აქვს გადაწყვეტილი
უცხოურ გამოცემებში მოულოდნელი ცნობები ვრცელდება, რომლის მიხედვითაც ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვა აქვთ გადაწყვეტილი.
საქმე ის გახლავთ, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ხელფასის სახით კვირაში 540 000 ფუნტს იღებს, რაც ოთხჯერ უფრო მეტია დე ლიხტის ხელფასზე. ტურინში თვლიან, რომ კორონავირუსის პირობებში კლუბი ამდენს ვერ გაწვდება.
35 წლის კრიშტიანუ რონალდუს “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. ხელშეკრულებაში გახანგრძლივების პუნქტიც არის გამოყენებული, თუმცა “ბიანკონერი” მის გამოყენებას ფინანსურად წამგებიანად მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ “იუვემ” რონალდუ 2018 წელს მადრიდის “რეალიდან” 100 მილიონად გადაიფორმა. მას შემდეგ კრიშტიანუმ 94 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა “შავ-თეთრი” მაისურით და თავი 71 გატანილი გოლით გამოიჩინა.