ნიკა კვეკვესკირი: “შიგნიდან ყველა ფეხბურთელს ცეცხლი გვიკიდია და საქართველოს დავანგრევთ სიხარულისგან”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა მატჩამდე 1 დღით ადრე ფეხბურთელების დანაკლისზე ისაუბრა და გულშემატკივარს მიმართა.
“მძიმე იყო, როცა შენ თანაგუნდელს, მეგობარს ერთმევა შანსი ასეთ უდიდეს მატჩში მონაწილეობა მიიღოს და ამ შანსს კორონავირუსი ართმევს და არა საფეხბურთო ტრავმა. რთულია, როცა უყურებ შენი მეგობრის აცრემლებულ თვალებს, რომელიც ოცნების შეხვედრას ვერ ითამაშებს. არამარტო კვარა, ჩაკვე, შენგელია და კიტე დაგვაკლდებიან, დაგვაკლდებიან ყველა ის ფეხბურთელიც, რომელსაც 1 წუთი მაინც უთამაშია ერთა ლიგაზე. მათ შორის, ჯანო, მჭედლიძე და სხვები”
“შიგნიდან ყველას ცეცხლი გვიკიდია და ერთი სული გვაქვს როდის დაიწყება ეს მატჩი. სიტყვებით სათქმელად მარტივია, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გასამარჯვებლად. გულშემატკივრებს მადლობას გადავუხდი დისტანციურად და სოციალურ ქსელში გულშემატკივრობისთვის. ძალიან ლამაზი სანახავი იყო ბელარუსთანაც გამოცილება, რომელმაც მოტივაცია კიდევ უფრო გაგვიზარდა. ვნერვიულობთ, მაგრამ მსაჯის სასტვენის შემდეგ ყველა ნერვიულობა გაქრება და საქართველოს დავანგრევთ სიხარულისგან”.