მერებაშვილი: “ვაისი ყოველთვის აგვიანებდა შეცვლებს”
პოლონური პლოცკის “ვისლას” გარემარბმა, გიორგი მერებაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.
34 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ნოემბრის მატჩებისათვის ნაკრებში გამოძახებული არ იყო, ისაუბრა საკუთარ ემოციებზე, თანაგუნდელებსა და ვლადიმირ ვაისზე.
“რა თქმა უნდა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ახლა პოლონეთში დილის 6 საათია და თვალი ვერ მოვხუჭე, ვერ დავიძინე. ძალიან განვიცდი. მეგონა, რომ სიზმარი იყო და მინდოდა, მალე გამეღვიძა. ეს აუცილებლად მოსაგები თამაში იყო. ვინც ჩახედულია სპორტში, იცის, რომ შეიძლება ბოლომდე მზად იყო, მაგრამ მოედანზე შენი შესაძლებლობები ვერ გამოავლინო, რადგან ზოგჯერ სპორტსმენს ზედმეტადაც მოგდის მომზადება და შეიძლება, თამაშზე გამოფიტული იყო. არ ეგონოს გულშემატკივარს, რომ თავს ვიმართლებ, პირიქით, ვამბობ, რომ ეს მოსაგები თამაში იყო. სამწუხაროდ, ამას ვეღარ გამოვასწორებთ.
თითოეულ მწვრთნელს აქვს თავისი შეხედულება. პირადად მე, ხშირად აღვნიშნავდი სამეგობრო წრეში და ოჯახში, რომ ვაისი ყოველთვის აგვიანებდა შეცვლებს და ეს თამაშზეც აისახებოდა ხოლმე. ყოფილა შემთხვევები, როცა შემოსულა ფეხბურთელი მოედანზე, კარგად ჩართულა თამაშში, მაგრამ დროის სიმცირიდან გამომდინარე, ეს საკმარისი არ იყო და ამ შეცვლას შედეგი არ მოუტანია. რთულია ამაზე საუბარი. მას ასე ესმის, მწვრთნელია და ის წყვეტს შეცვლებს. არამარტო ამ მატჩში, არამედ ყველა მატჩში, ის აგვიანებს შეცვლებს.
მაყურებელი ჩვენთვის დიდი პლუსი იქნებოდა. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ მთელი ეს პერიოდი ჩვენ გვერდზე იდგნენ. დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდი ხნით იქნებიან ჩვენ გვერდით. ვგულისხმობ იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ახლაც ამხნევებენ ჩვენ ბიჭებს, გვერდში უდგანან. ყოველთვის ვამბობდი, რომ შეურაცხყოფა და კრიტიკა ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ. ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის აუცილებელია, რომ ფეხბურთელი განვითარდეს.
არავის არ წყენია გუშინდელი მარცხი ჩემზე მეტად, მით უმეტეს, ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ვიყავი. ძალიან გული მწყდებოდა, გუშინ ბიჭებთან ერთად რომ არ ვიყავი, მაგრამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს იყო ჩემი, თქვენი, მთელი საქართველოს მარცხი. ერთად დგომით თუ მივაღწევთ ყველაფერს. ცალ-ცალკე და ვინმესკენ თითის გაშვებით, ‘იცი რა, ეს შენ წააგე’, ასე ვერაფერს მივაღწევთ”, – განაცხადა მერებაშვილმა.