მარადონას კარიერა ფოტოებით
დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. წარმოგიდგენთ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის კარიერას ფოტომასალის მეშვეობით.
დიეგო არმანდო მარადონა დაიბადა 1960 წლის 30 ოქტომბერს, ბუენოს-აირესის პროვინცია ლანუსში, არგენტინაში.
1969 წელს შეუერთდა “სებოლიტასს”, “არხენტინოს ხუნიორსის” ახალგაზრდულ გუნდს.
მისი პირველი პროფესიონალური კლუბი იყო “არხენტინოს ხუნიორსი”.
დიეგო ამ გუნდში 1976-დან 1981 წლამდე თამაშობდა.
მარადონა “ბოკა ხუნიორსში” ორი სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში გამოდიოდა: 1981-დან 1982 წლამდე და 1995-დან 1997 წლამდე ანუ კარიერის დასრულებამდე.
მარადონა 1982 წელს ევროპაში გადავიდა და “ბარსელონას” შეუერთდა, რომლის ღირსებასაც 1984 წლამდე იცავდა.
მარადონამ “ბარსელონაში” ყოფნის პერიოდში ესპანეთის თასი, ლიგის თასი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.
1983 წლის 24 სექტემბერს მის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა ბილბაოს “ატლეტიკის” მცველმა ანდონი გოიკოეჩეამ. მარადონამ მუხლი გაიტეხა, გოიკოეჩეას კი ათმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
მარადონას მეორე ევროპული კლუბი “ნაპოლი” იყო, სადაც 1984-დან 1991 წლამდე თამაშობდა.
1989 წელს “ნაპოლი” უეფას თასის ფინალში გერმანული “შტუტგარტი” ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცხა. მარადონამ პირველ მატჩში პენალტი გაიტანა.
მარადონა კაპიტნობს “ნაპოლის” ჩემპიონთა თასზე მადრიდის “რეალთან” მატჩში.
მარადონა “ნაპოლის” შემადგენლობაში ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, თითო-თითოჯერ კი ქვეყნის თასს და სუპერთასს დაეუფლა. ერთხელ მოიგო უეფას თასი.
მარადონა 1986 წლის მსოფლიო პირველობაზე სამხრეთ კორეელების წინააღმდეგ გამართულ მატჩში.
1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინა ინგლისს შეხვდა. ამ მატჩში მარადონამ ანგარიში მსაჯებისგან შეუმჩნევლად, ხელით გახსნა, მოგვიანებით აღნიშნულ გოლს “ღმერთის ხელი” უწოდეს. იმავე შეხვედრაში დიეგომ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე “საუკუნის გოლი” გაიტანა.
1986 წლის 29 ივნისს არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დასავლეთ გერმანია ანგარიშით 3:2 დაამარცხა და მარადონამ სანატრელი ტიტული კაპიტნის რანგში აღმართა. “ალბისელესტე” მუნდიალის გამარჯვებული მეორედ გახდა.
მარადონას მესამე და უკანასკნელი ევროპული კლუბი “სევილია” იყო, რომლის რიგებშიც 1992-1993 წლების სეზონში გამოდიოდა.
“სევილიას” დატოვების შემდეგ მარადონა სამშობლოში დაბრუნდა და 1993-დან 1994 წლამდე “ნიუელს ოლდ ბოისში” თამაშობდა.