ფერარა: “დიეგო ანტიგმირი იყო, დაშვებული შეცდომებისთვის პასუხი აგო”
“ნაპოლისა” და “იუვენტუსის” ყოფილმა მცველმა, ჩირო ფერარამ, დიეგო მარადონაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მარადონა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, ფერერას მხარდამხარ შვიდი წლის მანძილზე თამაშობდა.
“ძალიან რთული დროა, მაგრამ ეს გადავიტანე. თავდაპირველად, არ მინდოდა საუბარი, თუმცა შემდეგში ამის აუცილებლობა ვიგრძენი. ის ჩემი თანაგუნდელი და დიდი მეგობარი იყო.
ყველანი ძალიან დამწუხრებულები ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ დიეგომ მშვიდად დაგვტოვა. მე მასთან ერთად ვიზრდებოდი და მარადონასთან დაუვიწყარი მოგონებები მაკავშირებს.
ის ჩემი მეგობარია და მას ყოველთვის ვიცავდი, თუმცა უნდა ვთქვა, რომ დიეგომ დაშვებული შეცდომებისთვის პასუხი აგო.
ზოგი ამბობს, რომ დიეგო გმირი იყო. ჩემთვის გმირები სრულყოფილები არიან და შეცდომებს არ უშვებენ. სისუსტეების მიუხედავად, ის საუკეთესო გახდა.
დიეგოს გიჟური გონება ჰქონდა, როგორც ანტონიო კასანოს. ისინი ერთმანეთს კარგად შეეწყობოდნენ,” – აცხადებს ფერარა.