“ბარსელონას” ექს-პრეზიდენტი: “ინტერმა” 2006 წელს 250 მილიონი შემოგვთავაზა”
კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, პრესასთან “ინტერის” სარფიანი შემოთავაზების დეტალები გაგვანდო. ლაპორტას სიტყვებს Goal ციტირებს.
“წელს მესის კლუბის დატოვება სურდა. ის ძალიან იმედგაცრუებული იყო მისდამი გამოჩენილი დამოკიდებულებით. ახლა კლუბში არ ვარ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მას ისევე უყვარს “ბარსელონა”, როგორც ადრე.
ფაქტია, რომ მესიმ “ბარსას” შანსი მისცა. მე შემიძლია მას სწორ დროს დაველაპარაკო და ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმარო.
მისი ტრანსფერის მსურველები ყოველთვის იყვნენ. “ინტერმა” 2006 წელს 250 მილიონი შემოგვთავაზა, მაგრამ უარით გავისტუმრე. მე ვაფასებდი იმ პატივისცემას, რომელსაც მესი და მისი ოჯახი იჩენდნენ. მამამისი დავარწმუნე, რომ შევქმნიდით გუნდს, რომელიც მესის ისტორიაში შეიყვანდა,” – აცხადებს ლაპორტა.