გაბიმ კარიერა დაასრულა
მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილმა ნახევარმცველმა გაბიმ პროფესიული კარიერა დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის ესპანელი მომავალი სეზონიდან დიეგო სიმეონეს თანაშემწედ იმუშავებს. გაბი მადრიდული კლუბის აღზრდილი გახლავთ. მან “ატლეტიკოს” შემადგენლობაში 11 სეზონი დაჰყო და 413 მატჩი ჩაატარა. გაბიმ მოთამაშის კარიერის დასრულების შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაცხადა:
“როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, არ მეგონა, რომ ოცნებების ახდენა შემეძლო. დღეს წერტილის დასმისა და კარიერის დასრულების დღე დადგა. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ გზაზე დამემგზავრა: ყველა თანაგუნდელსა და მწვრთნელს, გუნდების თანამშრომლებს და რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახსა და მეგობრებს, რომლებსაც ჩემთვის არასოდეს მოუციათ დანებების უფლება. მადლობას ვუხდი ქომაგებს, რომლებიც ჩემგან მოითხოვდნენ, საუკეთესო ვყოფილიყავი როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.
ფეხბურთმა მომცა შესაძლებლობა, დავრჩენილიყავი ადამიანების მეხსიერებაში და ეს უდავოდ ყველაზე დიდი რამ არის, რაც მოვიპოვე. ახლა ოჯახზე ზრუნვის დრო დადგა. ყველას მადლობას გიხდით”.
გაბიმ “ატლეტიკოს” შემადგენლობაში თითო-თითოჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი (2013–2014), ქვეყნის თასი (2012–2013) და სუპერთასი (2014). ორჯერ გახდა ევროპის ლიგის გამარჯვებული (2011–2012, 2017–2018), ერთხელ დაისაკუთრა უეფას სუპერთასი (2012), ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (2013–2014, 2015–2016). გაბი ბოლო წლებში “ალ სადის” ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც ყატარის ჩემპიონატი ( 2018–2019) და თასი (2020) მოიგო.