კასილასი რონალდუს: “მხოლოდ 750 გოლი?”
კრიშტიანუ რონალდუმ 2 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე კიევის “დინამოსთან” მოგებულ მატჩში ერთი გოლის გატანა შეძლო. ეს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისთვის რიგით 750-ე გოლი იყო პროფესიონალურ კარიერაში.
აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში რიგით მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. მატჩის შემდეგ “იუვენტუსის” ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც მისი ყოფილი თანაგუნდელი იკერ კასილასი გამოეხმაურა.
“𝟕𝟓𝟎 გოლი, 𝟕𝟓𝟎 ბედნიერი მომენტი, 𝟕𝟓𝟎 ღიმილი გულშემატკივრების სახეზე. მადლობას ვუხდი ყველა ფეხბურთელსა და მწვრთნელს, რომლებიც ამ გასაოცარ რიცხვამდე მისასვლელად დამეხმარა. მადლობას ვუხდი ყველა ჩემ ლოიალურ მეტოქეს, რომლებმაც მაიძულეს, რომ ყოველდღე უფრო და უფრო მეტი მევარჯიშა,” – ვკითხულობთ კრიშტიანუს გზავნილში.
იკერ კასილასმა, რომელიც რონალდუს თანაგუნდელი 2009-15 წლებში გახლდათ, ასეთი კომენტარით გააზიარა პოსტი – “მხოლოდ 750 გოლი? შენ გაცილებით მეტი შეგიძლია”.
Only 750? You can do better!! 😏 https://t.co/7UecYADeXe
— Iker Casillas (@IkerCasillas) December 3, 2020