ცნობილია, სად ჩატარდება უეფას ახალი საკლუბო ტურნირის პირველი ფინალი
კონფერენციის ლიგა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის იდენტური ფორმატით გაიმართება. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 32 კლუბი ითამაშებს.
ფორმატი მოიცავს ჯგუფურ ეტაპს (რვა ჯგუფში გადანაწილებული ოთხ-ოთხი კლუბი), მერვედფინალს, მეოთხედფინალს, ნახევარფინალს და ფინალს. ტურნირის ფინალური სტადიის დაწყებამდე შედგება სამი საკვალიფიკაციო და შემდეგ საპლეიოფო ეტაპი. ჯგუფური ეტაპის საგზური პირდაპირ არცერთ გუნდს არ გადაეცემა. 17 საგზური გათამაშდება კონფერენციის ლიგის ძირითადი საკვალიფიკაციო გზით, ხუთი – საკვალიფიკაციო ეტაპის ჩემპიონთა ბადით, ხოლო დანარჩენ ათ ადგილს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში დამარცხებული გუნდები შეავსებენ.
ახალი ტურნირის ჯგუფების გამარჯვებულები მერვედფინალურ ეტაპზე პირდაპირ გავლენ, ხოლო მეორეადგილოსნები დამატებით საპლეიოფო რაუნდში ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.
კონფერენციის ლიგა მოიცავს 141 მატჩს და 15 სათამაშო დღეს.
ტურნირის გამარჯვებული ავტომატურად მიიღებს ევროპის ლიგის მომდევნო სეზონის ჯგუფური ეტაპის საგზურს (თუ ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგით ჩემპიონთა ლიგის საგზური არ მოიპოვა).
მატჩები გაიმართება ხუთშაბათ დღეს. ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები კვლავინდებურად სამშაბათსა და ოთხშაბათს ჩატარდება, ხოლო ევროპის ლიგისა და ახალი ტურნირის მატჩები ხუთშაბათობით გაიმართება და დღის პირველი შეხვედრები თბილისის დროით, სავარაუდოდ, 18:30 საათიდან დაიწყება.
კონფერენციის ლიგის შემოღებით ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე მინიმუმ 34 ასოციაცია იქნება წარმოდგენილი (დღეს მინიმუმ 26 ასოციაციაა წარმოდგენილი). ახალი ტურნირი ყველა ევროპული ასოციაციისთვის იქნება ღია. შენარჩუნებული იქნება დღეს არსებული კვოტირების სისტემა. საქართველოდან კონფერენციის ლიგაზე სამი კლუბი იქნება წარმოდგენილი: ქვეყნის თასის გამარჯვებული, ეროვნული ლიგის მეორე და მესამეადგილოსანი. სამივე გუნდი ტურნირს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.
დამტკიცებულია ტურნირის სამწლიანი გრაფიკი, რაც იმას ნიშნავს, რომ გათამაშება 2021-დან მინიმუმ 2024 წლამდე ჩატარდება.