რომან დოლიძე: “დღეს ჩემმა მეტოქემ მომწერა…”
ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ UFC-ში ჯონ ალანის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, მას ნოკაუტით გამარჯვება სურდა, თუმცა ბრაზილიელმა მეტოქემ დიდ ტკივილს გაუძლო.
როგორც იცით, სამრაუნდიან ბრძოლაში დოლიძემ ბრაზილიელი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. რომანს მტკივნეული ილეთით გამარჯვების მცდელობა ჰქონდა, თუმცა ალანმა ტკივილს გაუძლო.
“როგორც ნახეთ, პირველად ჩემს კარიერაში უფრო დიდი დრო დამჭირდა გამარჯვებისათვის, მაგრამ ესეც დიდი გამოცდილებაა ჩემთვის. კარგი მეტოქე მყავდა, რომელიც მორალურად, მენტალურად ძალიან ძლიერი იყო. მტკივნეული ილეთი ნამდვილად კარგად გავუკეთე, მაგრამ არ დანებდა. დღეს ვისაუბრეთ, მომწერა, რომ ძალიან დიდი პრობლემები აქვს და მუხლი სტკივა. ეს ბიჭი იმსახურებს პატივისცემას, არ დანებდა, სამი რაუნდი იასპარეზა ასეთი ფეხით. ალბათ, ერთი მსაჯი სხვა მხარეს იყურებოდა, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ.
შემდეგ ოპონენტზე საუბარი უკვე დავიწყეთ. არის ვარიანტი ტოპ 15-დან. ალიმ რაღაც ვარიანტები შემომთავაზა. მე მზად ვარ. ძალიან კარგ ფორმაში ვარ. ბრძოლის დროს არანაირი დაზიანება არ მიმიღია”, – განაცხადა დოლიძემ.