ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით პირველი მედლის მოპოვების შემდეგ განცხადებას აკეთებს
სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბერძნულ-რომაული სტილთი მოჭიდავემ ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში იტალიელი პარიზი დაამარცხა.
დათუნაშვილმა წარმატების მიღწევის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა:
“ყველას ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის და გულშემატკივრობისთვის. ჩემთვის თითოეული თქვენგანის თანადგომა და მოლოცვა მნიშვნელოვანია.
ბუნებრივია, ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის მედალი, მით უმეტეს ამდენი პრობლემის შემდეგ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, თუმცა ორმაგად ბედნიერი ვიქნებოდი, ის საქართველოს ეკუთვნოდეს. მაგრამ რას ვიზამთ, ამჯერად ეს მედალი სერბეთს უნდა მივულოცოთ, ჩემთვის ერთ დროს უცხო ქვეყანას, რომელიც ძალიან რთულ მდგომარეობაში დამეხმარა და მენდო, მადლობა მათ ამისთვის და იმედია, მომავალში უფრო მეტად შევძლებ ამ ნდობის გამართლებას”, – წერს 29 წლის სპორტსმენი.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის მოქალაქეობა მას შემდეგ მიიღო, რაც მას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან კონფლიქტი მოუვიდა. საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას, გეგეშიძემ მას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგანი ჩაარტყა.