“გენტი” და “გენკი” – ქართველი ტალანტების სასაკლაო
5 გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი ტალანტი კარიერული ტრამპლინისთვის საფეხბურთო აგენტების ხელშეწყობით ბელგიის უმაღლეს ლიგაში წავიდნენ და ბელგიაში აირჩიეს 2 გუნდი – “გენტი” ან “გენკი”.
გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია და გიორგი ბერიძე “გენტში” გადავიდნენ, თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია კი “გენკში”.
გიორგი ჩაკვეტაძემ 2020 წელს 365 დღიდან 170 დღეზე მეტი ტრავმის გამო გამოტოვა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ტრავმიანობისა დაგვიანებული ოპერაციაა. გაუგებარი მიზეზის გამო ჯერ “გენტი” საერთოდ მალავდა ფეხბურთელის ტრავმის ამბავს, შემდეგ კონსერვატიული მეთოდებით ცდილობდნენ მის გამოჯანმრთელებას და ორჯერ მოედანზე გასვლის ნება ისე დართეს, ტრავმის გართულებაზე პრაქტიკულად არც უფიქრიათ. გიორგის ტრავმა გაურთულდა და ოპერაცია მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გაუკეთდა. აღდგენის პროცესი, შეიძლება ითქვას, დღესაც არ დასრულებულა და გიორგი მინიმუმ ახალ წლამდე ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს.
გიორგი ქვილითაია 2018 წელს “გენტს” ვენის “რაპიდიდან” შეუერთდა, სადაც 55 მატჩში 17 გოლი ჰქონდა შეგდებული და საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ქვილითაიამ “გენტშიც” გამოიჩინა რამდენჯერმე თავი, მაგრამ მას პირველი სეზონის შემდეგ აღარ ენდობოდნენ. კლუბმა ახალი თავდამსხმელები დაიმატა და ქვილი ნაკრებში ხშირად უთამაშებელი ჩამოდიოდა. უამრავი მოთხოვნის მიუხედავად, გიორგის თხოვნა იჯარით გაშვების თაობაზე 1 წლის განმავლობაში არ დაუკმაყოფილეს და სათადარიგო სკამზე გაატარებინეს დრო ან სრულად, განაცხადს მიღმა.
გიორგი ბერიძე “გენტში” 2015 წელს მივიდა, მაგრამ გუნდში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. განათხოვრებული იყო “ტრენჩინში” (30 მატჩში – 9 გოლი) და უიპეშტში (27 მატჩი – 4 გოლი), ბერიძის ეს შედეგი საკმაოდ ნორმალური მოჩანს, იმ დროს, როდესაც მორიგი იჯარის დასრულების შემდეგ ბერიძემ შეკრებაზე, სპარინგ მატჩების დროს ყველაზე მეტი გოლი შეაგდო, ყველა მის დარჩენას ელოდებოდა. “გენტმა” მას უარი უთხრა და “ლოკერენში” გაუშვა, სადაც 19 მატჩში 6 გოლით გამოიჩინა თავი.
თორნიკე ოქრიაშვილი დონეცკის “შახტარიდან” 2014 წელს “გენკში” აღმოჩნდა. თორნიკეს საკმაოდ რთული ხასიათი აქვს, ერთხელ ვარჯიშის შემდეგ კაპევერდელ თანაგუნდელთან იჩხუბა, დაარღვია მანქანით მოძრაობის წესებიც, თუმცა მაშინ, როცა 2 წლის შვილი ავად გაუხდა, სასწრაფოდ თბილისში გამოემართა ბელგიური გუნდისთვის ამის შეტყობინების გარეშე. ბელგიელები ამ თემაზე განსაკუთრებულად გაბრაზდნენ და დაბრუნებისას, საზღვარზე შექმნილი პრობლემის გამო, როდესაც ოქრის 12 საათიანი ლოდინი მოუწია, “გენკს” პრაქტიკულად მისთვის დახმარება არ აღმოუჩენია.
ლუკა ზარანდია 2020 წელს ბელგიურ “ზულტ ვარეგემში” ისე აღმოჩნდა, მანამდე ბელგიაში, ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა არც მიუღია. არადა, 2014 წელს ზარანდია “გენკმა” დაიმატა, ტრავმების გარდა, “გენკის” ხელმძღვანელობამ არავითარი ნდობა არ გამოუცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელს და ბოლოს ისევ “ლოკომოტივში” დაბრუნება მოუწია.
4 მათგანმა უკვე დატოვა “გენტი” ან “გენკი”. დროა, გიორგი ჩაკვეტაძემაც სხვა გუნდი და ჩემპიონატი მონახოს.