მოურინიო: “შეადარეთ “ლივერპულის” ტრავმირებულ ფეხბურთელთა სია გუნდის ოპტიმალურ შემადგენლობას”
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, “ლივერპულთან” გასამართ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მეტოქე გუნდის რიგებში ტრავმირებული ფეხბურთელების სიჭარბის თემას შეეხო.
როგორც იცით, იურგენ კლოპის გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარებიან ვირჯილ ვან დაიკი, ჯეიმს მილნერი, ჯო გომესი, დიოგო ჟოტა, კოსტას ციმიკასი, ტიაგო ალკანტარა და შაქირი. გარდა ამისა, “სპურსთან” კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჯოელ მატიპისა და ნაბი კეიტას თამაშიც.
“ყველა გუნდს ჰყავს ტრავმირებული ფეხბურთელები. ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა. “ლივერპულის” ერთადერთი დიდი დანაკლისი ვირჯილ ვან დაიკის არყოფნაა. ტრავმები ნორმალური რამ არის. ჯეიმს მილნერი ტრავმირებულია, ისევე როგორც ერიკ ლამელა.
როგორც ვიცით, ალისონს ტრავმა არ აწუხებს, ისევე როგორც ალექსანდერ-არნოლდს. მჯერა, რომ მატიპიც შეძლებს თამაშს. რობერტსონი ტრავმირებული არ არის. ვეინალდუმი ტრავმირებული არ არის. სალაჰი ტრავმირებული არ არის, ფირმინო ტრავმირებული არ არის, მანე ტრავმირებული არ არის.
ვან დაიკი ტრავმირებულია და ყველასათვის ნათელია, რომ ის ძალიან დიდი ფეხბურთელია. მაგრამ შეადარეთ “ლივერპულის” ტრავმირებულ ფეხბურთელთა სია გუნდის ოპტიმალურ შემადგენლობას.
შემიძლია “ტოტენჰემის” ათი ფეხბურთელი ჩამოგითვალოთ, რომელიც ლაზარეთში იმყოფება. 16-წლამდელთა გუნდის ორი ფეხბურთელიც ტრავმირებულია, ამას დავუმატოთ ორ-ორი ფეხბურთელი 21-წლამდელთა და 23-წლამდელთა გუნდიდან.
მაგრამ არის ლორისი ტრავმირებული? არა. ალდერვაირელდი? არა. დაიერი ტრავმირებულია? არა. რეგილონი ტრავმირებულია? არა. ჰარი კეინი ტრავმირებულია? არა. სონი ტრავმირებულია? არა. ლუკას მოურა ტრავმირებულია? არა,” – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე საუბრისას.