ცხადაძე: ‘მჭედლიძემ მითხრა, რომ აქვს შესაძლებლობა, ნულიდან დაიწყოს’
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ლევან მჭედლიძის შესახებ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, მჭედლიძეს მუდმივად ტრავმები აწუხებდა. ქართველმა თავდამსხმელმა ბოლოს 2019 წლის მარტში, თბილისის “დინამოს” მაისურით ქუთაისის “ტორპედოს” წინააღმდეგ ითამაშა. 30 წლის ფეხბურთელმა ზაფხულში თბილისური კლუბი დატოვა და დღემდე თავისუფალი აგენტია.
“მე რომ ახლა კლუბში ვმუშაობდე, ლევან მჭედლიძეს მოვიწვევდი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დაბრუნდეს დიდ ფეხბურთში, უნდა დაბრუნდეს აუცილებლად. მთავარია, ჯანმრთელობამ არ შეაწუხოს. ასეთი ძლიერი ცენტრ-ფორვარდი, ალბათ, საქართველოს არასოდეს ეყოლებოდა. ვნახე და მითხრა, რომ აქვს შესაძლებლობა, დაიწყოს ნულიდან. ფაქტია, რომ მას დიდი კლუბები არ მიიწვევენ, მაგრამ მთავარია დაიწყოს და ჯანმრთელობამ ხელი შეუწყოს”, – განაცხადა ცხადაძემ.