არველაძე “ფახთაქორის” ტოვებს. ფანები ქართველს თბილი სიტყვებით ემშვიდობებიან
შოთა არველაძე ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. 47 წლის ქართველ სპეციალისტს უზბეკურ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება და კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს.
აღნიშნულ ინფორმაციას “ფახთაქორის” ფანკლუბის წევრები ეხმაურებიან.
“შოთა, მადლობას გიხდით უზბეკეთის ჩემპიონატში ნაჩვენები საუკეთესო თამაშებისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩებისთვის, ტიტულების მოგებისთვისა და “ფახთაქორის” საუკეთესო ასპარეზობისთვის! სასიამოვნო იყო თქვენი ხილვა ჩვენი გუნდის მესაჭის პოსტზე! “ფახთაქორის” ფანები არასდროს დაგივიწყებენ! და, რა თქმა უნდა, ცალკე მადლობას ვუხდით თქვენს სამწვრთნელო შტაბს! მოგვენატრებით!” – წერს სოციალურ ქსელში კლუბის ერთ-ერთი ქომაგი ჯავოხირ შოკიროვი.
შოთა არველაძე “ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2017 წლიდან მუშაობდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში გუნდთან ერთად ორ-ორჯერ მოიგო უზბეკეთის ჩემპიონატი (2019, 2020) და ქვეყნის თასი (2019, 2020), ერთხელ კი უზბეკეთის ლიგის თასს დაეუფლა (2019). 2019 წელს ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით “ფახთაქორი” გახდა უზბეკეთის პირველი კლუბი, რომელმაც ტრებლი მოიგო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ სპეციალისტს შემოთავაზებები ჩინური, არაბული, თურქული და ნიდერლანდური კლუბებიდან აქვს.