ჩისკო: “მინდა, გამარჯვებისთვის ისე ვიბრძოლო, როგორც ცხოველი იბრძვის”
“უოტფორდის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩისკო მუნიოსმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა.
თბილისის “დინამოს” ყოფილმა თავკაცმა საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა და “უოტფორდის” ფანებს მიმართა.
“ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. ეს არის კარგი შანსი ძალიან კარგ კლუბში. ყველაფერი გვაქვს და ახლა ის მომენტია, რომ შრომა დავიწყოთ. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. კარგი ფეხბურთელები გვყავს, ფანები მხარს გვიჭერენ. ფანებს ვეტყვი, რომ მე ამ კლუბისათვის მაქსიმუმს გავიღებ. ჩვენ ერთად შეგვიძლია, რომ დიდი ძალა ვიყოთ. ყველამ იცის, რა არის მიზანი.
მინდა გამარჯვებისათვის ისე ვიბრძოლო, როგორც ცხოველი იბრძვის. ამისათვის მზად ვარ. ვიცი, რა გვჭირდება და ვიცი, რა სიტუაციაშიც ვართ. საჭიროა შრომა. იდეალური ფეხბურთელები გვყავს. მათ დავდაჯერებულობა უნდა შევმატოთ და მაქსიმალურად დავეხმაროთ. ვიცი, რას ნიშნავს იყო ფანი, მოთამაშე და ახლა უკვე მწვრთნელიც.
ჩემი გამოცდილება გამარჯვებულად ყოფნაა. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე გამარჯვებული ვიყავი და მოთამაშის კარიერის განმავლობაში ყველაფერი მოვიგე. ეს ჩემი ხასიათია. არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ხალხი ჩემ გამოცდილებაზე. ზოგის გამოცდილება გამარჯვებებითაა სავსე, ზოგს კი 10-წლიანი გამოცდილების მანძილზე საერთოდ არაფერი მოუგია.
მაშინაც კი, როცა მოთამაშე ვიყავი, მწვრთნელის როლს ვითავსებდი. მოთამაშეობის დროს, წიგნაკი მქონდა და მასში ყოველთვის რაღაცას ვინიშნავდი. ყოველთვის ისე ვიქცეოდი, რომ მომავალში მწვრთნელი უნდა ვყოფილიყავი”, – აცხადებს ჩისკო.
შეგახსენებთ, რომ “დინამოში” მწვრთნელად მუშაობისას, ჩისკო საქართველოს ჩემპიონი ორჯერ გახდა.