5 ქართველი გამქრალი ვარსკვლავი, რომლებიც უგუნდოდ დარჩნენ
7-8 წლის წინ ჯანო ანანიძეს “არსენალში” გადასვლის შესახებ ინგლისური პრესა წერდა, გიორგი ჭანტურია “ბარსელონას” აკადემიაში თამაშობდა და აკადემიიდან წასვლის შემდეგ “ჩელსიში” გადასვლას ჰპირდებოდნენ, ლევან ყენია ბუნდესლიგის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ტალანტად ითვლებოდა, მჭედლიძეს გოლი ჯანლუიჯი ბუფონისთვის გაჰქონდა, ყაზაიშვილს კი “აიაქსი” ეპატიჟებოდა. დღეს 5-ვე მათგანი უკლუბოდაა.
27 წლის გიორგი ჭანტურიამ ბოლოს ოფიციალურ მატჩში 2018 წელს “ურალში” ითამაშა. მე-2 ბუნდესლიგის “დუისბურგის” ლიდერი იყო 2016 წელს, მაგრამ გუნდი მე-3 ლიგაში გავარდა. 2011-14 წლებში ვაკოსთან და კაშიასთან ერთად “ვიტესში” თამაშობდა. 2009 წელს “საბურთალოდან” იჯარით “ბარსაში” წავიდა და 11 გოლი გაიტანა “ხუვენილ ბ”-ში. ჭანტურიამ ინანა “ბარსელონას” დატოვება, თუმცა ახსნა, რომ “ვიტესიდან” “ჩელსისში” გადასვლას დაჰპირდნენ. 2020 წელს “საბურთალოში” გია ცეცაძემ დააბრუნა, თუმცა ჯერ კლუბი ცეცაძემ დატოვა, შემდეგ კი ჭანტურიამ. გიორგის ფეხბურთი 2 წელია არ უთამაშია.
28 წლის ჯანო ანანიძემ რუსეთიდან წასვლას ზუსტად 10 წელი მოანდომა და 2020 წელს მაინც რუსეთში, “როტორში” დაბრუნდა, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო 1 მატჩშიც არ მიუღია მონაწილეობა და კვლავაც მკურნალობს. ანანიძე ქეცბაიამ “ანორთოსისში” წაიყვანა, თუმცა იქ ვერ გაამართლა. მოსალოდნელია, ჯანო თბილისის “დინამოს” შეუერთდეს, თუ ტრავმა მოიშუშა.
30 წლის ლევან ყენია ტრავმებმა განსაკუთრებით გააწამეს და “საბურთალოს” დატოვების შემდეგ დიდი სურვილი ჰქონდა მე-3 ბუნდესლიგაში ეთამაშა, თუმცა სინჯებზე “იურდინგენმა” დაიწუნა და არ დაიტოვა. ყენია 2009-12 წლებში გელზერკირხენის “შალკეში” ფელიქს მაგათის ხელში ირჯებოდა, შემდეგ იყო “დიუსელდორფში”, ლვოვის “კარპატში”, პრაღის “სლავიაში” და ევროპის ლიგაზე ლუქსემბურგულ “დუდელანჟში”. საქართველოში მშობლიურ კლუბ “ლოკომოტივში” დაბრუნდა, ბოლოს “საბურთალოში” კი ფინანსური პრობლემების გამო აღარ ისურვა. ყენია უკლუბოდ არის.
31 წლის ლევან მჭედლიძე წლების განმავლობაში ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი იყო, რომელიც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში თამაშობდა. მჭედლიძეს სერია ა-ში “ინტერის”, “მილანისა” და “იუვენტუსის” კარის ბადე შეურხევია. 2008 წელს “პალერმომ” მისი იჯარისთვის “ემპოლის” 1.5 მილიონი ევრო გადაუხადა. “ემპოლის” ყოფილმა დირექტორმა მარჩელო კარლიმ მის ერთადერთ სპორტულ სინანულად ლევან მჭედლიძე დაასახელა. ტრავმებით გაწამებული ლევანი თბილისის “დინამოში” ჩამოვიდა, ბათუმის “დინამოს” უმნიშვნელოვანესი ერთადერთი გოლი გაუტანა, მაგრამ კვლავ ტრავმების გამო დედაქალაქური კლუბიც დატოვა. ლევანი უკლუბოდაა.
28 წლის ვაკო ყაზაიშვილი ამ ბიჭებს შორის ყველაზე მეტი სტაბილურობით და სწორი არჩევანის გაკეთებით გამოირჩევა. ვაკო 2011-17 წლებში “ვიტესში” ასპარეზობდა და 104 მატჩში 25 გოლი გაიტანა. იჯარით “ლეგიაში” წავიდა, სადაც პოლონეთის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის “რეალთან” გამოვიდა. 2017 წელს კი ამერიკულ “სან ხოსეში” გაფრინდა, სადაც ხელფასის სახით წელიწადში 2 მილიონზე მეტ დოლარს იღებდა და “სან ხოსე” სულ ცოტა ხნის წინ დატოვა. ვაკომ მასზე გაცემული ავანსები ბოლომდე ვერ გაამართლა, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ამ ბიჭებს შორის ყაზაიშვილი იმსახურებს საყვედურს. ყაზაიშვილი ნაკრების შეუცვლელი წევრია, ამერიკულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ ითვლებოდა და ტრავმებისკენ მიდრეკილებაც არ ჰქონია.