ლუხუმ ჩხვიმიანმა განმარტა, რატომ არ ართმევდა ხელს ფრანსისკო გარიგოსს
ქართველმა ძიუდოისტმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა ესპანელ ფრანსისკო გარიგოსზე ისაუბრა და თქვა, რატომ არ ართმევდა მას ხელს შეხვედრის დასრულების შემდეგ.
გასულ წლებში, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ჩხვიმიანმა ესპანელ მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა, თუმცა 2019 წლის მინსკის ევროპული თამაშების ფინალის დასრულების შემდეგ სხვაგვარად მოხდა.
“მე, შეგნებულად, მასთან ხელის ჩამოსართმევად არასდროს მივსულვარ. არც ახლა, როცა დავმაარცხე. იყო რაღაც საუბარი, თითქოს, ხელი იმიტომ ჩამოვართვი, რომ მოვუგე. იმ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ჩვეულებრივად, თავს ვუხრი და უკან უნდა გავიდე, მაგრამ დგება და მოდის ხელის ჩამოსართმევად. უკვე იძულებული გამხადა, რომ ხელი ჩამომერთვა, ისე ვერ დავტოვებდი.
ეგ ადამიანი არის ისეთი სპორტსმენი, რომელიც სულ მანიპულირებს შენზე, რათა ნერვები მოგიშალოს. მეტოქეს უპრწკინო, უკბინო, უჩქმიტო და თმა მოწიწკნო… ჩემთვის უღირსია. აქედან გამომდინარე, არ მივდიოდი და ხელს არ ვართმევდი და არა იმიტომ, რომ მომერია და მომიგო შეხვედრა”, – განაცხადა ჩხვიმიანმა.