გიორგი ჩაკვეტაძე: “ახლა მუხლში ჭანჭიკები მიყენია”
საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ საკუთარი ტრავმის შესახებ ისაუბრა და დაბრუნების სავარაუდო დროც დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელმა სექტემბერში, “რაპიდთან” მატჩში მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც მას კარიერაში მეორედ ოპერაცია დასჭირდა.
“ჩემპიონთა ლიგაზე, “რაპიდთან” გვქონდა თამაში და მეკარეს შევეჯახე… მუხლი მუხლში. ახლა მუხლში ჭანჭიკები მიყენია, რამაც გადამარჩინა. ექიმი რომ ვნახე, მითხრა, რომ ამან გადამარჩინა. შესაძლებელი იყო, რაც იქამდე დამემართა (ჯვარედინი მყესის გაწყვეტა), იგივე დამმართნოდა. იქ რაღაც პატარა კუნთია, რაზეც ნაწილაკები იყო. მეორე ოპერაცია როცა დამჭირდა, ეს გაჭრეს და ნერვზე რა ნაწილაკებიც იყო, ამოიღეს.
ფსიქოლოგიურად, რთულია. როცა სისტემატიურად თამაშობ და შემდეგ ერთი და ორი წელი გიცდება, გინდა მოედანზე იყო და შენ გუნდს ეხმარებოდა. რთულია, მაგრამ ფეხბურთია და ასე ხდება.
ახლა ინდივიდუალურად ვვარჯიშობ დარბაზში. მითხრეს, რომ ჯერ ბურთთან ერთად ვარჯიში არ შეიძლება. რამდენიმე კვირა დამჭირდება, რომ ბურთთან ერთად ვარჯიშზე გადავიდე. ექიმები როგორც მეუბნებიან, თებერვლის შუა რიცხვებში შემეძლება ვითამაშო. კლუბში გვერდში მიდგანან და ცდილობენ დამეხმარონ”, – განაცხადა ჩაკვეტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.