გურამ კაშია: ახალი კლუბის პოვნას ნიდერლანდებში ვცდილობ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ “სან ხოსედან” წამოსვლის მიზეზებსა და კარიერის მომდევნო ეტაპზე ისაუბრა. 33 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ მას ნიდერლანდებში დაბრუნება სურს.
“სან ხოსესთან” კონტრაქტი დაგვიმთავრდა მეც და ვაკოსაც. კლუბმა არ ისურვა ხელშეკრულების გახანგძლივება. მართალი გითხრათ, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ევროპაში ხალხს ჰგონია, რომ ამერიკაში არ არის მაღალი ხარისხის ფეხბურთი, მაგრამ არ ვეთანხმები – ძალიან კარგი ჩემპიონატია, სადაც ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. გარკვეულ დონეზე, იქ დარჩენის სურვილი მქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა, დავბრუნდით უკან და ვეძებთ რამე ახალს.
ჯერ-ჯერობით კონკრეტული არაფერია. პანდემიის გამო, ფეხბურთში რთული პერიოდია. რთულია კარგი კლუბის მონახვა, ფინანსურად შეზღუდულები არიან. ნიდერლანდები ჩემი მეორე სახლია და იქ ვცდილობ გუნდის პოვნას, მაგრამ ჯერ-ჯერობით კონკრეტული არაფერია. მოლოდინის რეჟიმში ვარ. მინდა, კარიერა ისეთ ქვეყანაში გავაგრძელო, სადაც განვითარებას შევძლებ. სწავლას დავიწყებ, სამწვრთნელო ლიცენზიას ავიღებ.
ყოველთვის მქონდა კარიერის საქართველოში დასრულების სურვილი, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ დღეს სხვა შემოთავაზებას ველოდები. ბათუმის “დინამოსა” და თბილისის “დინამოს”, ალბათ, ნაკრების ყველა იმ ფეხბურთელის მიმართ აქვთ ინტერესი, ვინც უკლუბოდაა და ეს ძალიან სასიამოვნოა. არ ვიცი სხვა ფეხბურთელები რას ფიქრობენ, მაგრამ ჩემთვის ეს სასიამოვნოა.
ვფიქრობ, სანამ ქვეყანას გამოვადგები, აუცილებლად ვიქნები ნაკრებში. მოვა იმის დროც, რომ წავიდე, არ ვარ ახალგაზრდა. თუმცა, სანამ მწვრთნელსა და გუნდს დავჭირდები, გუნდთან ერთად ვიქნები. ეს იქნება ცლილებაზე, ტრიბუნაზე, სადაც დავჭირდები ნაკრებს. ეს ჩემი სურვილია და იმედი მაქვს, ახალ მწვრთნელსაც დავჭირდები”, – განაცხადა კაშიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “ტაიმაუტში”.