უეფამ გიორგი მამარდაშვილი 50 გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა
უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის კორესპონდენტებმა და რედაქტორებმა ევროპის 50 ამომავალი ვარსკვლავები დაასახელეს. Uefa.com-ის ჟურნალისტთა აზრით, ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც 2021 წელს უნდა დააკვირდნენ.
აღსანიშნავია, რომ რჩეულებს შორის თბილისის “ლოკომოტივის” მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მოხვდა. აი, რას წერს უეფას ვებ-გვერდი 20 წლის ქართველ კარის დარაჯზე: “უკვე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების პირველი მეკარე, რომელიც ახლა რეპუტაციას იხვეჭს. მან ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავი გამოიჩინა.”
უეფას რჩეულებს შორის მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან სერხიო არიბასი (“რეალი”), ამად დიალო (“ატალანტა”), უესლი ფოფანა (“ლესტერი”), იენს პეტერ ჰაუგე (“მილანი”), კურტის ჯონსი (“ლივერპული”), დანიელ მალდინი (“მილანი”), იუსუფა მუკოკო (“დორტმუნდი”), ჯამალ მუსიალა (“ბაიერნი”), პედრი (“ბარსელონა”) და სხვები.