ლევან კორღალიძე: “ვაისს შევხვდი და ერთ რამეში არ დავეთანხმე”
“საბურთალოს” გვერდმა გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ლევან კორღალიძესთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მწვრთნელი მის კარიერაზე, ვლადიმერ ვაისთან შეხვედრაზე და ოჯახზე საუბრობს.
– ლევან, გილოცავთ პირველ რიგში ახალ წელს. წარმატებული და ბედნიერი წელი გქონოდეთ!
რამდენიმე უცხოურ კლუბში გითამაშიათ. ყველაზე წარმატებული წლები სად გაატარეთ?
– ვისარგებლებ შემთხვევით და სრულიად საქართველოს ახალ წელსა და დამდეგ შობას მივულოცავ! მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენს ოჯახებში, წარმატებულ და ბედნიერ წელს ვუსურვებ ყველას!
რაც შეეხება კითხვას – ჩემი კარიერის დიდი ნაწილი და საკმაოდ წარმატებულიც რიგის “სკონტოში” გავატარე. კლუბში 6-ჯერ ჩემპიონი, ხოლო 4 შემთხვევაში თასის გამარჯვებული გავხდი. ვფიქრობ, ამ ციფრებიდან ყველაფერი ნათქვამია. ამავდროულად, ბევრი ინდივიდუალური პრიზი მაქვს მოპოვებული. ლატვიაში გატარებული დრო ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება, ისევე როგორც მოლდავურ “დაჩიაში”. ამ კლუბში ჩემპიონობა და სუპერთასის მოპოვება შევძელი, ასევე გავხდი ნომინაცია “თვის საუკეთესო ადამიანი”, ხოლო 2010-2011 წლების სეზონში წლის საუკეთესო ფეხბურთელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს წარსულია, განვლილ დროს არასოდეს დავივიწყებ და მუდამ დამრჩება საუკეთესო მოგონებად.
მოლდოვეთში როდესაც ჩავდივარ, ხშირად ხუმრობენ ხოლმე – მოლდოვეთის ფეხბურთის ლეგენდა ჩამოვიდაო. რუსეთში გამოვიდა წიგნი “ჩვენი ფეხბურთის ლეგენდები”, სადაც სხვა ცნობილ და წარმატებულ ფეხბურთელებთან ერთად, რამდენიმე გვერდზე ჩემს შესახებაც წერია.
– ფეხბურთელობისას, თუ ფიქრობდით, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელი გახდებოდით?
– მწვრთნელობაზე კარგა ხნის წინ დავიწყე ფიქრი. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საფეხბურთო კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგავდი. ბევრ წარმატებულ მწვრთნელთან მიმუშავია, სისტემატურად ვაკეთებდი ჩანაწერებს, რადგან ვფიქრობდი, რომ მომავალში აუცილებლად გამომადგებოდა. ამ კონსფექტებით ახლაც ვსარგებლობ. მიხარია, რომ ჩემს არქივში ბევრი საინტერესო ჩანაწერი ინახება.
ვფიქრობ, ჩემი სამწვრთნელო კარიერა უძლიერესთა რიგებში წარმატებით დაიწყო – კარგი სეზონი მქონდა “ლოკომოტივში”. ვეცდები, “საბურთალოში” კიდევ უფრო გავაუმჯობესო ეს შედეგი და გავაგრძელო პროგრესი.
– რა უფრო რთულია – ფეხბურთელობა თუ მწვრთნელობა?
– როგორც ცა და დედამიწა, ისეთი სხვაობაა, არც კი შევადარებ. მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა – შენ არც კი იცი, რა საქმესთან მოგიწევს შეჭიდებაო. ახლა ვხვდები, რომ მწვრთნელობა ბევრად რთულია, თუმცა ჩემს მიერ გადადგმულ ნაბიჯს არ ვნანობ. ზოგადად, ბრძოლისუნარიანი ადამიანი ვარ და არასდროს ვკმაყოფილდები მიღწეულით. შრომით, ბრძოლითა და მონდომებით ვფიქრობ მივაღწევ, რომ წარმატებული მწვრთნელი გავხდე.
– ცნობილ ფრაზას – მოგება და წაგება ძმები არიან, თუ ეთანხმებით?
– ვერ დავეთანხმები… მოგებული თამაშის შემდეგ სულ სხვა ემოციებში და განწყობაზე ვარ, წაგებული მატჩის შემდეგ კი ბევრად გაბრაზებული. ასეთ დროს, ვერავინ ვერ მეკარება, ძალიან განვიცდი მარცხს. თუმცა, წაგების გარეშე, გამარჯვების გემოს ვერ შეიგრძნობ. ერთ-ერთმა ბრაზილიელემა მწვრთნელმა თქვა და ვეთანხმები მოსაზრებას – თამაშამდე უნდა წაიკითხო და დაინახო ბევრი რამ, თორემ მატჩის დასრულების შემდეგ, ისედაც ყველაფერი კარგად ჩანს…
– თამაშის შემდეგ, მამა – ოთარ კორღალიძე თუ გაძლევთ რჩევებს?
– მოგებული თამაშების შემდეგ, ისეთ ეიფორიაში ვარ და ემოციებში, რომ… ხოლო, წაგებული შეხვედრების შემდეგ, როგორც უკვე ავღნიშნე ძალიან გაბრაზებული და ვერავინ ბედავს ჩემთან ფეხბურთზე ლაპარაკს. ოჯახში ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ფეხბურთზე. მამა ცდილობს მომცეს რჩევები, თუმცა ფეხბურთზე ნაკლებად ვლაპარაკობთ.
– თქვენ შვილებზე გვითხარით – კორღალიძეების ოჯახს მომავალი ფეხბურთელი თუ ეზრდება?
– ორი შვილი მყავს, 20 წლის გოგო და 10 წლის ბიჭი. ნიკოლოზი დადის ფეხბურთზე, თუმცა ვნახოთ მომავალში რა იქნება. დაძალებით არაფერს დავაძალებ, თუ სურვილი ექნება, გააგრძელებს ფეხბურთის თამაშს, მე ყველანაირად ხელს შევუწყობ და გამეხარდება.
“საბურთალოს” გულშემატკივრების დიდ არმიას, ნიკოლოზიც შეემატა. გუნდის წაგებას ძალიან განიცდის. მარცხს ხანდახან ვუმალავთ-ხოლმე, რადგან არ მინდა მომავალში უარყოფითად იმოქმედოს მის ჯანმრთელობაზე.
– ფეხბურთელობისას მრავალი ტიტული გაქვთ მოგებული. როდიდან უნდა ველოდოთ ჯილდოებს უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში?
– რა საქმესაც მოვკიდებ ხელს, მინდა მაქსიმალურად დავიხარჯო-ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ მაღალ დონეზე მწვრთნელობა ახალი დაწყებული მაქვს. მგონია, რომ მთავარი მწვრთნელის ამპლუაშიც ტიტულები მალე იქნება, შეიძლება ეს ამ წელსაც იყოს. ცდას და მონდომებას არ დავაკლებ. შევეცდები, ფეხბურთელობის დროს მოპოვებულ ჯილდოებს გადავაჭარბო და მწვრთნელობისას უფრო მეტი ტიტული მოვიგო.
ვაღიარებ, რომ ფეხბურთელობისას რაღაცეები დავაკელი, რაც გულში ხინჯად მაქვს. თუმცა, რაც მწვრთნელობა დავიწყე, ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები და მართლა არაფერს არ ვაკლებ. ყველაფერი გვერდზე მაქვს გადადებული და ბევრს ვშრომობ. ჩინელი ფილოსოფოსი ამბობს – იპოვე საქმე, რომელიც გიყვარს და არასოდეს მოგიწევს მუშაობა.
– “საბურთალო” გასულ წელს თბილისის ზღვაზე მდებარე “ზესტაფონის” ბაზაზე ვარჯიშობდა, სადაც საწვრთნელ პროცესს მართავდა საქართველოს ნაკრებიც. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალურ მატჩამდე, ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ვლადიმერ ვაისს ვარჯიშამდე შეხვდით. საინტერესოა, რაზე ისაუბრეთ?
– მანამდე ვლადიმერ ვაისს არ ვიცნობდი, მაშინ გავიცანი ახლოს. გავცვალეთ აზრები, სხვადასხვა საკითხებზე ვისაუბრეთ და ბუნებრივია, მოახლოებულ მატჩზე, წარმატებები ვუსურვე. რაშიც არ დავეთანხმე სლოვაკ სპეციალისტ იყო ის, რომ მენტალიტეტის პრობლემა ახსენა. ვფიქრობ, უფრო ინდივიდუალური პრობლემები იყო, ვიდრე მენტალური.