კლოპი: “არ მგონია, რომ ნორმალური იყოს, რაც ანდრე მარინერმა გააკეთა”
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “საუთჰემპტონთან” განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, მატჩის მთავარი არბიტრი ანდრე მარინერი გააკრიტიკა.
ლივერპულელები თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ორ შემთხვევაში ითხოვდნენ. კლოპის გუნდისათვის ამ შეხვედრაში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმ შემთხვევაში, თუ “მანჩესტერ იუნაიტედი” თავის მომდევნო მატჩს მოიგებს, სულშერის გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილში პირველზე გადაინაცვლებს, ხოლო “ლივერპული” მეორე ადგილზე ჩამოვა.
“როცა სადიო მანეს ბურთი აქვს, საუკეთესო სიტუაციებში ვართ. თუ ვინმე იტყვის, რომ მანე სიმულიანტია, სასაცილო იქნება. ეს ბიჭი ცდილობს, რომ ბოლომდე ფეხზე დარჩეს. დღეს ორი ისეთი მომენტი იყო, როცა სხვა გუნდებისათვის თერთმეტმეტრიანებს დანიშნავდნენ. რაც შეეხება მეტოქის ფეხბურთელისათვის ბურთის ხელზე მოხვედრას, არ ვიცი, ამას ვინმე თუ ამიხსნის.
არ მგონია ნორმალური იყოს, რაც ანდრე მარინერმა გააკეთა. ასევე, იყო ბევრი ისეთი მომენტი, სადაც მსაჯს ჯარიმა უნდა დაეფიქსირებინა.
გავიგე, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” ბოლო ორ წელიწადში უფრო მეტი პენალტი დაუნიშნეს, ვიდრე მე მთლიან ხუთ წელში. წარმოდგენა არ მაქვს, ეს ჩემი შეცდომაა თუ არა”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal.Com.