12 მწვრთნელი, რომელსაც 2021 წელს, დიდი ალბათობით, დაითხოვენ
12 მწვრთნელი, რომელსაც 2021 წელს, დიდი ალბათობით, სამსახურიდან დაითხოვენ – HITC Sport-ის წარმდგენი, რომელიც The Irish Guy-ს მეტსახელით არის ცნობილი, საკმაოდ საინტერესო პროგნოზს გვთავაზობს.
ქართველი გულშემატკივრებისთვის ამ პროგნოზის ერთი მონაკვეთი განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს – გაგდების კანდიდატებს შორის ერთ-ერთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჩისკო მუნიოსი გახლავთ.
ჟურნალისტის პროგნოზის თანახმად, პირველს ნილ ლენონს გააგდებენ, ეს კი “სელტიკის” არასახარბიელო შედეგებითაა ახსნილი. ყველაფერთან ერთად ლენონმა “რეინჯერსთან” ორივე მატჩი დათმო. შესაბამისად, გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ნილს იანვარშივე დაითხოვენ.
ანდრეა პირლო მასზე გაცემულ ავანსებს რომ ვერ ამართლებს, აშკარაა. The Irish Guy თებერვალში სწორედ მას უწინასწარმეტყველებს კლუბიდან წასვლას. მარტის თვე კი “ვალენსიას” თავკაც ხავი გარსიასთვის უნდა იყოს ბოლო. მართალია, ხავის მეთაურობით “ღამურებმა” “რეალს” 4-1 მოუგეს, თუმცა ამან ის ვერ უნდა გადაარჩინოს.
აპრილის თვე საბედისწერო “შალკეს” თავკაცისთვის უნდა იყოს (კრისტიან გროსი), ხოლო მაისში, სავარაუდოდ რონალდ კუმანს დავემშვიდობებით. ივნისში კი HITC Sport-ის წარმდგენის აზრით, “შეფილდ იუნაიტედისა” და ქრის უაილდერის გზები გაიყრება.
და, მივადექით ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მომენტს – Irish Guy თვლის, რომ შედეგის მიუხედავად ივლისის თვეში ჩისკო მუნიოსს მაინც დაატოვებინებენ თავის სავარძელს. ის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ჩისკო მუნიოსის სახელი ფანებმა არც კი იცოდნენ.
“რა იქნებოდა გასაშვები მწვრთნელების სია ჩისკო მუნიოსის გარეშე? ჩისკო მუნიოსი არის უბრალოდ ერთ-ერთი სახელი, რომელიც ევროპული სატელეფონო წიგნარიდან არის ამოღებული.
ჩისკო არის ოთხი წლის მწვრთნელი, რომლის სამწვრთნელო გამოცდილებაც მიმდინარე სეზონში თბილისის “დინამოში” ჩატარებული 11 მატჩით შემოიფარგლება.
თითქმის გამორიცხულია, რომ ზაფხულში ის კლუბიდან არ გაუშვან. თუ “უოტფორდი” პრემიერ ლიგაში ვერ დაწინაურდება, ჩისკოს გაუშვებენ და თუ პრემიერ ლიგაში გადავლენ მაინც ჩისკოს გაუშვებენ. ჩისკო მომავალ სეზონშიც “უოტფორდში” თუ იქნება, თანახმა ვარ კარაქის აბაზანა მივიღო.”
რაც შეეხება დარჩენილ თვეებს, აგვისტოში “ნოტინგემ ფორესტი” შეიცვლის მწვრთნელს, სექტემბერში “მონაკო” შეცვლის ნიკო კოვაჩს, ხოლო ოქტომბერში “არსენალი” დაემშვიდობება მიკელ არტეტას. ნოემბერსა და დეკემბერში კი ზინედინ ზიდანსა და ოლე გუნარ სულშერს მოუწევთ ახალი კლუბების ძიება.