ლადო დვალიშვილის კავშირები – “დინამო” ეროვნული ლიგის ჩემპიონობას უმიზნებს!
ბათუმის “დინამო” ეროვნული ლიგის გუნდებს შორის ჯერჯერობით საუკეთესო ტრანსფერებით გამოირჩევა და გუნდმა 7 ფეხბურთელი დაიმატა.
ბათუმში თბილისის “დინამოდან” გიორგი ზარია გადავიდა, “საბურთალოდან” სანდრო ალთუნაშვილი და გრიგოლ ჩაბრაძე, ქუთაისის “ტორპედოდან” გიორგი ფანცულაია და “თელავიდან” რაფაელ ჩუკვურა.
“დინამოში” ითამაშებს “ტორპედოს” ყოფილი მცველი ოლექსანდრ აზაცკი და “ლეგიას” ყოფილი ფრანგი ფორვარდი, 25 წლის ვამარა სანოგო.
სანოგოს დამატება პირადად გუნდის ახალ სპორტულ დირექტორს, ლადო დვალიშვილს უკავშირდება, რომელმაც “ლეგიაში” და საერთოდ, პოლონეთში რამდენიმე კარგი სეზონი გაატარა.
სანოგო გასულ წელს პოლონეთის ჩემპიონი გახდა და რომ არა ტრავმა, კარიერის გაგრძელების პორტუგალიური, ფრანგული და ესპანური ვარიანტები ჰქონდა.
აზაცკი-კობახიძის დუეტმა უდიდესი წვლილი შეიტანა 2 წლის წინ “ტორპედოს” წარმატებაში, როცა გუნდმა 30-ზე მეტი მატჩი წაუგებლად ჩაატარა.
გრიგოლ ჩაბრაძემ და რაფაელ ჩუკვურა “თელავის” მარჯვენა-მარცხენა ფლანგებს აკონტროლებდნენ და დაცვაში არსებულ კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდიან.
სანდრო ალთუნაშვილი ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველია და გასულ სეზონში განსაკუთრებით გამოჩნდა მისი მნიშვნელოვანი როლი “საბურთალოში”. ალთუნაშვილი ძალიან კარგად ფლობს ბურთს და პასის მაღალი კულტურით გამოირჩევა. ბათუმში რჩება ლადო მამუჩაშვილი, რომელიც ალთუნაშვილთან ერთად წლების განმავლობაში თამაშობდა და ეს 2 ფეხბურთელი მოამარაგებს პასებით თავდამსხმელებს, მათ შორის, მათზე, ოდნევ წინ მყოფ გიორგი ზარიას.
გიორგი ფანცულაიამ 17 მატჩში 7 გოლი შეაგდო და “ტორპედო” მის გარეშე, აუცილებლად გავარდებოდა.
შესაძლოა, გუნდში დაბრუნდეს ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონი, რომელიც იჯარის წესით “როტორში” გადაბარგდა, თუმცა “როტორი” პრემიერ ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერია. გარდა ამისა, თუ “როტორს” ჯოვინოს შენარჩუნება მოუნდება, მაშინ 2 მილიონ ევროზე მეტის გადახდა მოუწევს.
ლადო დვალიშვილი არ გამორიცხავს “დინამოს” ფეხბურთელი კიდევ დაემატოს და მათ შორის, ერთ-ერთი აუცილებლად მეკარე იქნება.