“დინამო ბათუმის” ისტორიული გამარჯვება – 72 ათასი ევრო პოლონელებისგან
ბათუმის “დინამომ” ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად საფეხბურთო დავა უმაღლეს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS)-ში მოიგო.
საქმე ეხება 2018 წელს “დინამოდან” პოლონურ “ტერმალიცაში” გადასულ ნიკა კვანტალიანის ტრანსფერს. 20 წლის კვანტალიანის აღზრდაში და წვრთნაში ბათუმელებს თანხა ეკუთვნოდათ, რაზეც უარი პოლონური მხარისგან მიიღეს.
“დინამომ” საჩივრით FIFA-ს მიმართ, FIFA-მ “ტერმალიცას” 72 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, თუმცა პოლონელებმა CAS-ში გაასაჩივრეს და განხილვა წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა.
CAS-ის სასამართლო კოლეგიაში ერთ-ერთი პოლონელი არბიტრიც იყო და სამივემ ერთად, მათ შორის, პოლონელმაც, “ტერმალიცას “ტერმალიცას” მოთხოვნები არ გაითვალისწინა და საბოლოო გადაწყვეტილებით, “დინამოსთვის” 72 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
CAS 1984 წელს ჩამოყალიბდა და შვეიცარიაში, ლოზანაში ფუნქციონირებს. CAS არის უმაღლესი სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო და მისი გადაწყვეტილება არ საჩივრდება. ტრიბუნალში საქმის წარმოებას საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება და ქართული გუნდისთვის ეს ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. საქმეთა განხილვა ძირითადად ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე ხდება და შესაბამისად, საჭიროა იურისტთა ისეთი ჯგუფი, რომელსაც უცხო ენაზე შეუძლია პაექრობა და უმდიდრესი კლუბებიც კი მსოფლიოში ცნობილ ადვოკატებს ქირაობენ. ყოფილა პრეცენდენტები, როდესაც CAS 10 მილიონზე მეტის გადახდაც კი დაუკისრებია გუნდებისთვის თუ ფეხბურთელებისთვის.
უმაღლეს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში ბათუმის “დინამო” ქართველი იურისტებით დაკომპლექტებული გუნდით იყო წარმოდგენილი, დავით ებრალიძის ხელმძღვანელობით. საქმე წარმატებით დასრულდა და “ტერმალიცას” ადვოკატებისთვის დახარჯული თანხის გადახდაც დაეკისრა.
ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა – ქართულ გუნდს ასეთ დონეზე საქმე არასდროს უწარმოებია, თანაც მხოლოდ ქართველი ადვოკატებით.
თვითონ კვანტალიანის კარიერა სათანადოდ ვერ განვითარდა და ჯერ “ლოძში” გადავიდა, შემდეგ “შუქურაში” დაბრუნდა და 2020 წლის პირველი იანვრიდან უკლუბოდაა.