ვის აქვს უფრო მეტი წითელი ბარათი, მესის თუ რონალდუს?
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საფეხბურთო სამყაროში ყველაზე აქტუალური ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შედარება გახლდათ. ესპანეთის სუპერთასზე ლეოს მიერ მიღებული წითელი ბარათის შემდეგ, გადავწყვიტეთ ეს ორი სუპერვარსკვლავი ერთმანეთთან ამ კუთხითაც შეგვედარებინა.
იქიდან გამომდინარე, რომ “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” ვარსკვლავები მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ, ხშირია მათზე ჯარიმებიც, რაც მათ წყობიდან გამოყვანას ემსახურება.
მესის გუშინდელ შემთხვევამდე წითელი ბარათი ბოლოს 2019 წლის კოპა ამერიკის მატჩში ჰქონდა მიღებული, როდესაც ჩილელთა წარმომადგენელ გარი მედელთან მოუიდა ჩხუბი. ეს პირველი შემთხვევა იყო მისთვის 14 წლის მანძილზე, როდესაც მოედნიდან გააძევეს (2005 წელი, უნგრეთთან სადებიუტო მატჩი).
ასე რომ, ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არგენტინელი ლეო მესი მოედნიდან მხოლოდ სამჯერ გააძევეს. გაცილებით უფრო მეტჯერ მოუწია მატჩის დროზე ადრე დატოვება კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც სიმშვიდეს განსაკუთრებით დერბიში კარგავდა ხოლმე.
რონალდუ მოედნიდან მსაჯს 11-ჯერ ჰყავს გაძევებული. ბოლოს მსგავსი რამ 2018 წლის 19 სექტემბერს მოხდა, “ვალენსიასთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართულ შეხვედრაში. აღსანიშნავია, რომ რონალდუ ყველაზე მეტჯერ (ორჯერ) მადრიდულ და მანჩესტერულ დერბიში გააძევეს.