“პსჟ”-ის მეკარე გაძარცვეს
“პარი სენ-ჟერმენის” მეკარე სერხიო რიკო უშუალოდ მატჩის მიმდინარეობის დროს გაძარცვეს.
საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში “მონპელიეს” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (4:0) 27 წლის ესპანელი კიპერი მოედანზე მეორე ტაიმში შეუშვეს. “ლე პარიზიენის” ცნობით, სწორედ ამ პერიოდში შევიდნენ ბოროტმოქმედები რიკოს საცხოვრებელ ბინაში. წყაროს თანახმად, მძარცველებმა ნაღდი ფულის სახით 25 ათასი ევრო წაიღეს. გარდა ამისა, მოპარულია ძვირადღირებული საათები და სამკაულები, რომელთა ღირებულება ჯერ დადგენილი არ არის.
სერხიო რიკო “სევილიადან” “პარი სენ-ჟერმენში” 2020 წლის სექტემბერში ექვსი მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მანამდე მან პარიზულ გუნდში იჯარის წესით ერთი წელი გაატარა.
ესპანელმა მეკარემ მიმდინარე გათამაშებაში ხუთი მატჩი ჩაატარა და სამი ბურთი გაუშვა, სამ შეხვედრაში კი კარი მშრალად დაიცვა.