ლაპორტა: “პსჟ” მესისთან მიმართებაში უპატივცემლოდ იქცევა”
“ბარსელონას” პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, ჟოან ლაპორტა, კიდევ ერთხელ ეხმაურება ლეო მესი გარშემო მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნავს, რომ კლუბს პრეზიდენტი სჭირდება.
“ისეთი დიდებული ფეხბურთელები, როგორიც ლეო მესია, ყოველთვის იქნებიან “პარი სენ-ჟერმენის” სამიზნეთა სიაში. ჩვენ კლუბს უნდა შეეძლოს მესისთვის სათანადო პირობების შეთავაზება.
მე მესისგან ნებისმიერ პასუხს მივიღებდი, მაგრამ მან უნდა იცოდეს, თუ რას ვთავაზობთ ჩვენ. დრო არ ითმენს. რაც მეტი დრო გადის, ამ პრობლემის გადაჭრა მით უფრო რთულდება.
მას სხვა კლუბებთან მოლაპარაკების უფლება აქვს, “ბარსა” კი კვლავ უპრეზიდენტოდ არის.
რაც შეეხება “პარი სენ-ჟერმენს”, ეს კლუბი მესისთან მიმართებაში უპატივცემლოდ იქცევა, როდესაც საჯაროდ აცხადებს, რომ მის ტრანსფერზე მუშაობს. ეს ყოველგვარ საზღვარს ცდება. კლუბებს სხვა კლუბების დესტაბილიზების უფლება არ უნდა ეძლეოდეთ.
მსგავსი მოვლენების თავიდან ასარიდებლად, უეფასა და ფიფას უნდა დავუკავშირდეთ. “პსჟ”-ს ხელმძღვანელებმა მესიზე საუბრისგან თავი უნდა შეიკავონ,” – აცხადებს ლაპორტა.