საქართველოს ნაკრებს დროებით რამაზ სვანაძე ჩაიბარებს?
ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა “პირველი არხის” ეთერში განაცხადა, რომ ფედერაციამ პანდემიისა და სხვადასხვა პრობლემების გამო ახალი მწვრთნელი ჯერ კიდევ ვერ ნახა და შესაძლოა, გუნდს დროებითი მწვრთნელი ჩაუდგეს სათავეში.
“24 საათი ვმუშაობთ, რომ ახალი მწვრთნელი ვნახოთ. ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებულნი ამ საკითხით. გვყავდა გაფართოებული სია და ახლა ეს სია შემცირებულია საგრძნობლად. არ გვსურს ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღოთ და შესაძლოა, ნაკრებს დროებითი მენტორი დაენიშნოს, რომელიც ციკლის პირველ მატჩებს ჩაატარებს. სიაში, როგორც უცხოელები, ისე ქართველები არიან”, – განაცხადა მუჯირმა.
სომხეთთან წაგების შემდეგ ვლადიმერ ვაისმა პოსტი დატოვა და მის ნაცვლად ესტონეთის წინააღმდეგ ფეხბურთელები რამაზ სვანაძემ გამოიყვანა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნაკრების გაწრთვნა მისი ოცნება იყო. სვანაძე 19-წლამდელების მთავარი მწვრთნელია და ესტონეთთან მატჩისთვის სწორედ მისი კანდიდატურა შეირჩა.
დროებითი მწვრთნელი, უდიდესი ალბათობით, ქართველი სპეციალისტი იქნება და დიდია შანსი, რომ სწორედ სვანაძე იყოს.
სვანაძე 1981 წლის ლეგენდარული ფინალის ერთ-ერთი მონაწილის, ზაურ სვანაძის ძმისშვილია და მამამისი, მამუკა სვანაძე “ტორპედოში” თამაშობდა. რამაზი 2013 წელს “დინამოში” ასისტენტად მუშაობდა, 2015/17 წლებში ბაქოს “ინტერში” იყო ასისტენტი, 2019 წლიდან კი 19-წლამდელებს უძღვება. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი შესაშურად გაიარა და ელიტრაუნდში მოხვედრამდე ხორვატიას, ყაზახეთს და უნგრეთს მოუგო. ელიტრაუნდი პანდემიის გამო გაუქმდა.
ჯერჯერობით მოლაპარაკები ახალი თავკაცის პოვნასთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება, მაგრამ მარტამდე 2 თვეზე ნაკლები დრო რჩება.