დავით მუჯირი: ‘იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაც ევროპაშია, ნაკრების მწვრთნელის დანიშვნა ძალიან რთულია’
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ევროპაში არსებული ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მწვრთნელის მოძიება გართულებულია.
“დღესდღეობით არცერთი სცენარი არ არის გამორიცხული. იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაც ევროპაშია, ნაკრების მწვრთნელის დანიშვნა ძალიან რთულია. გვაქვს კომუნიკაცია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან. გვყავს კანდიდატები, რომლებთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ჩვენი სურვილია, ეროვნულ ნაკრებს მთავარი მწვრთნელი რაც შეიძლება მალე ჰყავდეს, თუმცა სიჩქარეში არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მიზნები გვაქვს. გვმართებს იმაზე ფიქრი, იმ სიტუაციიდან, რაც დღეს არის, მოვნახოთ იდეალური გამოსავალი.
ჩვენ, თვითონ უნდა განვსაზღვროთ, რა კრიტერიუმებით უნდა ავარჩიოთ მწვრთნელი. ამ სპეციალისტებთან უნდა გვქონდეს კომუნიკაცია. მათი სურვილი და მოტივაცია უნდა ემთხვეოდეს ჩვენს მოსაზრებებს. კონკრეტულ თარიღს ვერ დაგისახელებთ. არ არის აუცილებელი სიჩქარეში საქმე დაზიანდეს. რა თქმა უნდა ვჩქარობთ, ჩვენივე ინტერესია ახალი მწვრთნელი მალე დავნიშნოთ, თუმცა იმ სირთულეებს, რაც ამ პერიოდს თან ახლავს, წინ ვერ დავუდგებით. იმ კანდიდატების შესახებ ინფორმაციას, რომელიც პრესაში გავრცელდა, ვერ დაგიდასტურებთ”, – განაცხადა მუჯირმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.