რა ბედი ელის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს?
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს ყველა სპორტულ ღონისძიებას შეუქმნა პრობლემები. მსგავსად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისა, გადაიდო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები.
მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19 კვლავ უდიდეს საფრთხედ რჩება, უფლებამოსილმა პირებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 2021 წლის ზაფხულში ჩატარება გადაწყვიტეს.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოლიმპიადა ჩვეულებისამებრ ჩაივლის, თუმცა ფანების დასწრება შეზღუდული იქნება.
“ჩვენ უკვე გვაქვს ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობას 32 გუნდი იღებს. ეგვიპტეში ამ მიზნით 3 000 ადამიანია მობილიზებული.
მსოფლიოში საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებული 7 000-ზე მეტი ღონისძიება იმართება. ჩატარებული 175 000 კორონავირუსის ტესტიდან დადებითი პასუხი მხოლოდ 0.18 პროცენტ შემთხვევაში დაფიქსირდა.
ეს იმის მანიშნებელია, რომ მსგავსი ტურნირების ორგანიზება სავსებით შესაძლებელია. სწორედ ამიტომ ვართ ასეთი დარწმუნებულები საკუთარ გადაწყვეტილებებში,” – აცხადებს კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი.