“ხვიჩა რომ ბრაზილიელი ან ესპანელი იყოს, უკვე “რეალში” ითამაშებდა”
ყაზანის “რუბინისა” და ხორვატიის ეროვნული ნაკრების მცველმა, ფილიპ ურემოვიჩმა თანაკლუბელ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
ურემოვიჩის თქმით, კვარაცხელიასთვის პრობლემას ქართული პასპორტი წარმოადგენს.
“ხვიჩა დიდი ტალანტია. ის კარგი ფეხბურთელია და მალე ევროპის დიდ კლუბში ითამაშებს. მას აქვს სისწრაფე, დრიბლინგი, დარტყმა და პასი. თუმა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მას ფეხბურთი კარგად ესმის. არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც კარგად ურტყამენ და სისწრაფეც აქვთ, მაგრამ ისინი თამაშს ვერ გრძნობენ და სათამაშო ინტელექტი არ გააჩნიათ. ხვიჩას ეს აქვს. ეს ღვთისგან ბოძებულია.
მისი თამაში პირველად მაშინ ვნახე, როცა ყაზანში ამხანაგური მატჩი გავმართეთ. მაშინვე ვთქვი, რომ ის ტალანტი იყო. ვიგრძენი, რომ საქმე დიდ ტალანტთან გვქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, ვინ იყო ეს ქართველი ბიჭი.
ხვიჩა რომ ბრაზილიელი ან ესპანელი იყოს, ის უკვე მადრიდის “რეალის” ან “ბაიერნის” ფეხბურთელი იქნებოდა. ქართული პასპორტი მისთვის პრობლემაა. ბევრ ქვეყანაში მოქალაქეობას აკვირდებიან. ევროპაში ბევრ სკაუტს, აგენტსა თუ პრეზიდენტს ურჩევნია გუნდში ესპანელი ან არგენტინელი ჰყავდეს, ვიდრე რუსი, ხორვატი ან ქართველი. ასეთია თანამედროვე რეალობა. თუმცა, იმედი მაქვს, ხვიჩა წარმატებას მიაღწევს და მას ევროპაში დიდი კარიერა ექნება”, – უთხრა ურემოვიჩმა გამოცემა “სპორტ ექსპრესს”.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას აგენტის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელის მიმართ “ინტერი”, “იუვენტუსი”, “ნაპოლი”, “მილანი” და “დორტმუნდი” კონკრეტულ ინტერესს გამოხატავენ.