ლევან მაისაშვილი: “იმის საფრთხე, რომ ეს თამაში წაგვეგო, არცერთ ეტაპზე არ იდგა”
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა რუსეთთან გამარჯვების (16:7) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“რა თქმა უნდა, არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ პირველ ტაიმში ქულის აღებას ვერ შევძლებდით, მაგრამ ამ ტიპის თამაშებში ხდება ასეთი რაღაც – თუ ვერ აჯობებ მოწინააღმდეგეს და წნეხში ვერ მოაქცევ, გარკვეულ ეტაპზე წნეხში თავად მოექცევი. ეს დაგვემართა. ჩვენი ბურთი ვერ გავაკონტროლეთ. გვქონდა ძალიან კარგი მომენტები, როცა შეგვეძლო ქულა აგვეღო და პატარა დაუდევრობების გამო, ეს ვერ მოვახერხეთ.
მეორე ტაიმში დავალება იყო მარტივი. უნდა მოგვეგო ერთი-ერთზე ორთაბრძოლები. თუ ერთი-ერთზე ორთაბრძოლას ვერ მოვიგებთ და ბურთს არ გავუფრთხილდებით, ბუნებრივია, ბურთს დავკარგავთ და ეს დროს ჭამს. მოწინააღმდეგე ცდილობდა, რომ ჩვენთვის თამაში გაეფუჭებინა და მათ ეს შეძლეს, კარგად იყვნენ მომზადებულები. გარდა იმისა, რომ გარკვეულ ეტაპზე თავად გაგვიფუჭეს თამაში, ჩვენც ბევრჯერ, 11-ჯერ დავკარგეთ ბურთი შეტევაში. ყველა ეს დაკარგული ბურთი მოწინააღმდეგის მხარეს გადადის და დროს, მეტ-ნაკლებად, ის აკონტროლებს.
პირველ ტაიმში, სტატიკაში გვქონდა პრობლემა და რამდენჯერმე დავჯარიმდით შერკინებაში. ჩვეულებრივი ამბავია, თუ სტატიკაში მეტოქეს ვერ დაჯაბნი, თავდაჯერებულობა მის მხარეს გადადის და უფრო მეტი პრობლემა გექმნება. ეს პრობლემა მეორე ტაიმში გამოვასწორეთ, მოლიც უკეთესი იყო, ორთაბრძოლებიც უკეთესი იყო და ბურთიც კარგად წავიღეთ, მაგრამ რამდენჯერმე ბურთის გაკონტოლება ვერ მოვახერხეთ. საბოლოო ჯამში, ეს ქულებზე აისახა. ეს არის იმის მიზეზი იმისა, რომ დამაჯერებლად ვერ მოვიგეთ, თუმცა იმის საფრთხე, რომ ეს თამაში წაგვეგო, არცერთ ეტაპზე არ იდგა”, – განაცხადა მაისაშვილმა.