მერაბ შარიქაძე: ‘რუსეთთან თამაშისას იმხელა პასუხისმგელობას ვგრძნობთ, რომ ეს ხელს გვიშლის’
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ რუსეთთან გამარჯვების (16:7) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“მე რაც მაქვს ნათამაშები, რუსეთთან ამაზე მძიმე თამაშებიც გვქონია. გულშემატკივარი არ იქნება ბედნიერი ამ თამაშით და ჩვენც არ ვართ გახარებულები, მაგრამ მოგება მოგებაა. რუსეთის წინააღმდეგ თამაში იმდენად ემოციური, მძიმეა ჩვენთვის და იმხელა პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რომ ეს ხშირად ხელს გვიშლის და დღესაც ეს მოხდა.
დღევანდელ მატჩში ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი ის იყო, რომ ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით. დიდ ემოციებს, რაღაც რომ გაწვება შიგნიდან, ასეთი გაუაზრებელი ჯარიმები მოჰყვება. ბიჭების უმეტესობა რუსეთის წინააღმდეგ პირველად თამაშობდა. გასახდელში საუბრობდნენ და ვუსმენდი, ამბობდნენ, რომ ინგლისთან არ გვინერვიულია იმის ნახევარი, რაც დღეს ვინერვიულეთო. მესმის, რომ შეიძლება, გულშემატკივარს არ უნდა ამის გათვალისწინება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ. ჩემთვისაც პირველი და მეორე წელი არაა ნაკრებში, მაგრამ რუსეთთან თამაში ძალიან დიდ წნეხსა და პასუხისმგებლობას ნიშნავს. არ არის მარტივი, მაგრამ ღვთის წყალობით, კიდევ ერთი გამარჯვება ჩავწერეთ ისტორიაში და ეს კარგია.
ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით, რაც რუსეთს საშუალებას აძლევდა, რომ ჩვენს ნახევარზე ხშირად ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, ეს არის თამაში, სადაც საკუთარ თავს მაქსიმუმს თხოვ და ეს მაქსიმუმი ხანდახან უაზრო ჯარიმებში გადაგვდის. ამ ჯარიმების გამო ვისჯებით, რეალობა ესაა. მთელი გულით ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთზე ბევრად კარგი გუნდი ვართ და ბევრად უკეთესი რაგბის თამაში შეგვიძლია, ვიდრე დღეს ვითამაშეთ”, – განაცხადა შარიქაძემ.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი