ნეიმარის ემოციური წერილი: “ღრმა მწუხარებაა, უზომო ტკივილი და მუდმივი ტირილია”
“პარი სენ-ჟერმენის” ლიდერმა ნეიმარმა “კანის” წინააღმდეგ გამართულ სათასო მატჩში მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით ერთი თვით უქმობა მოუწევს.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნულის თაობაზე წერილი გამოაქვეყნა.
“ღრმა მწუხარებაა, უზომო ტკივილი და მუდმივი ტირილია. კიდევ ერთხელ მიწევს გარკვეული ხნით იმ საქმიანობისგან თავშეკავება, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და რასაც ფეხბურთის თამაში ჰქვია. ზოგჯერ ჩემი სათამაშო სტილის გამო დისკომფორტი მექმნება, ვინაიდან დრიბლინგებს ვასრულებ და ფეხებში მირტყამენ.
არ ვიცი, პრობლემა ჩემშია თუ იმაში, რასაც მოედანზე ვაკეთებ. ძალიან მწყდება გული. ძალიან მწყდება გული, როდესაც ფეხბურთელისგან, მწვრთნელისგან, კომენტატორისგან ან სხვა პირის მხრიდან ასეთი რამ მესმის: “მას მართლაც უნდა ურტყა”, “ის ტირის”, “ბავშვია”, “გაფუჭებულია” და ასე შემდეგ.
ძალიან სამწუხაროა და არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს მომიწევს ამასთან გამკლავება. მე უბრალოდ მინდა, რომ ფეხბურთის თამაშით ბედნიერი ვიყო. სხვა არაფერი მინდა”, – დაწერა ნეიმარმა სოციალურ ქსელში.