ნეიმარის მამა “კანის” თავკაცს: “ჩემი შვილი თქვენნაირების გამო ტირის”
საფრანგეთის თასზე “კანსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული მატჩის (0:1) შემდეგ “ვიკინგების” მთავარმა მწვრთნელმა პასკალ დიუპრამ ნეიმარის შესახებ სარკასტული კომენტარი გააკეთა:
“ერთ-ერთ მომენტში ჩვენ სასარგებლოდ პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა, მაგრამ ტირილს არ დავიწყებ, ეს ნეიმარის საქმეა”.
“კანის” თავკაცს აღნიშნული სიტყვები ნეიმარის მამამ, ნეიმარ და სილვამ არ შეარჩინა, რომელმაც სოციალურ ქსელში ასეთი განცხადება გამოაქვეყნა:
“მართალია, ჩემს შვილს ტირილი უწევს, მაგრამ არა იმ მიზეზების გამო, რაც თქვენ გგონიათ. ჩემი აზრით, ის იმიტომ ტირის, რომ ფეხბურთში თქვენნაირი მწვრთნელები, ასეთი დონის მსაჯები, დადუმებული ლიგები და მიკერძოებული და მშიშარა ჟურნალისტები არსებობენ.
დიახ, მან უნდა იტიროს, მაგრამ ჩვენი ცრემლები, ჩემი შვილის ცრემლები, სპორტსმენის, ფეხბურთის ჯადოქრის ცრემლები ერთი ღამე გაგრძელდება, რის შემდეგაც ნეიმარი, როგორც ყოველთვის, წამოდგება და ისევ გაიმარჯვებს”.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა აღნიშნულ შეხვედრაში მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს.