კარაგერმა “ლივერპულის” ბოლო 30-წლეულის საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა
“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა ბოლო 30-წლეულში “ენფილდროუდელთა” საუკეთესო შენაძენი დაასახელა.
“ჩემი აზრით, საუკეთესო ტრანსფერი სამი ჰიიპიას დამატება იყო. 1999 წლის “ლივერპული” მახსოვს. მაშინ გუნდი მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იკავებდა. სუსტ გუნდად თვლიდნენ, რომლის შეშინებაც შეიძლებოდა. შემდეგ მოვიდა სამი და გუნდში ათი წელი გაატარა, რა დროის განმავლობაშიც არასდროს დაშავებულა.
“ლივერპული” როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა, რაშიც ჰიიპიას დამსახურება დიდი იყო. მომდევნო ათი წლის განმავლობაში ჟერარ ულიესა და რაფაელ ბენიტესის თავკაცობის პერიოდში მოპოვებული წარმატებები საიმედო დაცვის და დიდწილად ჰიიპიას დამსახურება იყო.
ფასის, ტრავმების არარსებობის, ათწლიანი ერთგულებისა და თასების მოპოვების გათვალისწინებით სამის დამატებას “ლივერპულის” ყველაზე წარმატებულ ტრანსფერად ვაფასებ”, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს Liverpool Echo.
შეგახსენებთ, რომ სამი ჰიიპია “ლივერპულში” “ვილემ II”-დან 1999 წელს გადავიდა. მერსისაიდელებმა ფინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 2.6 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადეს. ჰიიპიამ “ენფილდროუდელთა” რიგებში ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, ორ-ორჯერ კი ინგლისის თასი და ქვეყნის ლიგის თასი მოიგო.