ლაუტარო: “ამ სეზონში ერთადერთი მიზანი დაგვრჩა”
იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მილანის “ინტერმა” თანაქალაქელი “მილანი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში დუბლი შეასრულა ლაუტარო მარტინესმა, ხოლო ერთი ბურთი რომელუ ლუკაკუს ანგარიშზეა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ლაუტარომ.
“აი, ვინ ვართ ჩვენ. ყოველდღიურად ვშრომობთ იმისთვის, რომ “ინტერი” სათავეში იყოს. ასეც გავაგრძელებთ. ძალიან გახარებულები ვართ.
ერთად ვიბრძვით. ამ სეზონში იტალიის თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო დიდი დარტყმა მივიღეთ. ერთადერთი მიზანი დაგვრჩა და ბედნიერები ვართ, რომ სატურნირო ცხრილს ვლიდერობთ.
რომელუ ლუკაკუს ჯერ კიდევ აქვს რესურსი, რომ თამაში გააუმჯობესოს. ის ახალგაზრდაა, ბევრს შრომობს როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა. დიდებული პიროვნებაა და ბედნიერები ვართ, რომ რომელუ ჩვენთან ერთადაა.
სამირ ჰანდანოვიჩმა მეორე ტაიმის დასაწყისში სამჯერ გვიხსნა. ის ყოველთვის მზადაა, როცა მისი დახმარება გვჭირდება. უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ, საერთო ჯამში, მართლაც დიდებული თამაში ჩავატარეთ”, – ციტირებს ლაუტაროს სიტყვებს DAZN.