წიტაიშვილმა მოქალაქეობის შესაძლო შეცვლაზე კომენტარი გააკეთა
უკრაინულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის “დინამოს” ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლა და საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. აღნიშნულთან დაკავშირებით 20 წლის ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.
“ჯერ არ შემიძლია და არც მაქვს ამ თემაზე რაიმეს თქმის უფლება. როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყველაფერს ნათელი მოეფინება.
ახლა “ვორსკლას” რიგებში თამაშზე ვარ ფოკუსირებული. ამ გუნდში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. გუნდმა და მთავარმა მწვრთნელმა კარგად მიმიღეს. ახლა სტაბილურობის მიღწევა და რეგულარული სათამაშო პრაქტიკა მინდა. საკუთარი თავის წარმოჩენა მსურს, რათა კიევის “დინამოში” დავბრუნდე”, – წიტაიშვილის კომენტარს ua-football-ი აქვეყნებს.
გიორგი წიტაიშვილს უკრაინის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, დღესდღეობით კი უკრაინელთა 21 წლამდე გუნდის წევრი გახლავთ. 2019 წელს ის უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ტურნირის ფინალურ მატჩში გოლიც გაიტანა. იმავე წელს უკრაინის ოქროს ტალანტის ჯილდო გადაეცა. გასულ წელს იტალიურმა “ტუტოსპორტმა” წიტაიშვილი ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ასაკის მოთამაშეთა შორის დაასახელა.
გიორგი წიტაიშვილი დღესდღეობით იჯარის წესით პოლტავის “ვორსკლაში” თამაშობს.