კრიშტიანუ და ჯარიმები: საშინელი სტატისტიკა
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ბოლო პერიოდში საჯარიმო დარტყმები არ გამოსდის, თუმცა სტანდარტულების შესრულებას ჯიუტად აგრძელებს.
პორტუგალიელ ფეხბურთელს ჯარიმის შესრულების მორიგი წარუმატებელი მცდელობა “კროტონეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:0) ჰქონდა. შეხვედრის 26-ე წუთზე რონალდუს დარტყმული ცოცხალ კედელს მოხვდა, 88-ე წუთზე კი ბურთი მეტოქის კარს გადაევლო.
SkyTG24-ის ჟურნალისტმა ჯუზეპე პასტორემ რონალდუს მიერ შესრულებული წარუმატებელი ჯარიმები დათვალა და გაარკვია, რომ იტალიის სერია A-ში გადმობარგების შემდეგ ანუ ორწელიწადნახევრის განმავლობაში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 64 საჯარიმო დარტყმა შეასრულა, საიდანაც 42 ცოცხალ კედელს მოხვდა. რონალდუს მიერ შესრულებულ ჯარიმას გოლი მხოლოდ ერთხელ მოყვა და ეს გასული წლის ივლისში მოხდა, როდესაც “იუვენტუსმა” “ტორინო” ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
დავამატებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს საერთო შედეგიანობა კვლავ უმაღლეს დონეზე რჩება. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა”კროტონესთან” ჩატარებულ მატჩში დუბლი შეასრულა და სერია A-ს ბომბარდირთა დავას 18 გატანილი ბურთით ლიდერობს.