ტუჰელი: “ატლეტიკოს” სუნთქვის საშუალებაც არ მივეცით”
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰელმა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ატლეტიკოსთან” მოპოვებული გამარჯვების შესახებ პრესასთან ისაუბრა.
“ფანტასტიკური შედეგია, ფანტასტიკური გოლი და რაც მთავარია, ეს ყველაფერი დავიმსახურეთ. დისციპლინირებული პერფორმანსი იყო, რაც შრომისა და გუნდური მუშაობის შედეგი გახლავთ.
გვინდოდა, რომ დომინანტები ვყოფილიყავით, კონცენტრაცია არ დაგვეკარგა და მარტივი შეცდომები თავიდან აგვეცილებინა. ამავდროულად კონტრშეტევების საფრთხეც სრულად გვქონდა გაანალიზებული.
ვიცოდით, რომ “ატლეტიკო” დაცვაში ასე ითამაშებდა. გინდოდა, რომ მამაცურად გვეთამაშა. ისინი მზად იყვნენ, საკუთარი საჯარიმო რვა კაცით დაეცვათ კონტრშეტევების მოლოდინში.
ჩვენი გეგმა მაღალი ინტენსიურობის შენარჩუნება იყო, რაც ძალიან კარგად გავაკეთეთ. მათ სუნთქვის საშუალებაც არ მივეცით. შრომა დაგვიფასდა. “ატლეტიკოს” დაცვის გარღვევა ურთულესი გამოწვევაა,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.