“ატალანტას” პრეზიდენტი “რეალთან” მსაჯობაზე : “შოკისმომგვრელი და სამარცხვინოა”
ბერგამოს “ატალანტას” პრეზიდენტმა, ანტონიო პერკასმა, “რეალთან” მინიმალური ანგარიშით წაგებულ შეხვედრაზე საუბრისას მსაჯების თემას გვერდი ვერ აუარა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მსაჯმა რემო ფროილერს საკამათო სიტუაციაში წითელი ბარათი უჩვენა.
“ასეთ მნიშვნელოვან მატჩში, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს, საწყის 15 წუთში ფეხბურთელის გაძევება შოკისმომგვრელი იყო.წითელი ბარათის მომენტში ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ვიფიქრე, რომ მსაჯს ბარათები აერია.
მხოლოდ ის შევძელი, გარშემომყოფთათვის შემეხედა [მატჩს ალექსანდერ ჩეფერინიც ესწრებოდა], ყველა შეცბუნებული და შერცხვენილი იყო. მეც შერცხვენილი ვიყავი, უსამართლობას ვგრძნობდი. მსგავსი რამ იტალიური ფეხბურთისთვის მიუღებელია.
ის [ჩეფერინი] ჭკვიანი ადამიანი და წარმოუდგენლად პროფესიონალი მენეჯერია. ადვილი წარმოსადგენია, თუ რას ფიქრობდა იმ მომენტში. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველაზე მნიშვნელოვან კლუბს, როგორც ქაღალდზე ისე ისტორიით, დაეხმარნენ.
შემედგ იყო ნაჩოსა და მოდრიჩის ჯარიმები. მათთვის ბარათი აუცილებლად უნდა ეჩენბინა. არც ლუკას ვასკესი გააფრთხილეს ხელით თამაშისთვის, კაზემიროს კი სიმულიანტობისთვის მეორე ყვითელი ბარათი უნდა მიეღო. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ერთ-ერთ ჩვენგანსაც უნდა მიეღო წითელი ბარათი, 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ.
განმეორებითი მატჩი ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ გასპერინის სრულ ნდობას ვუცხადებთ. იმედი მაქვს, რომ სწორი თამაში იქნება, ყველა ასპექტში. დაე, უძლიერესმა გაიმარჯვოს,” – აცხადებს “ატალანტას” პრეზიდენტი.