რომელ კლუბში სურს კარიერის გაგრძელება ერლინგ ჰოლანს?
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანს კარიერის გაგრძელება მადრიდის “რეალში” ან “მანჩესტერ სიტიში” სურს.
ზემოთ აღნიშნული კლუბების გარდა, 20 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელით “მანჩესტერ იუნაიტედი”, მიუნხენის “ბაიერნი” და ლონდონის “ჩელსი” არიან დაინტერესებულნი.
წყაროს თანახმად, “მანჩესტერ სიტი” ჰოლანს სერხიო აგუეროს შესაძლო შემცვლელად განიხილავს. ცნობისათვის, არგენტინელ თავდამსხმელსა და “ქალაქელებს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში გაუვა. “რეალი” ჰოლანს გრძელვადიან პერსპექტივაში კარიმ ბენზემას შემცვლელად მოიაზრებს.
თუ “ბორუსია” ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება, ერლინგ ჰოლანი, სავარაუდოდ, კლუბს დატოვებს. მან გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 17 ბურთი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.