უეფამ “პსჟ”-“ბაშაქშეჰირის” მსაჯები დასაჯა
უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენსა” და “ისტანბულ ბაშაქშეჰირს” შორის გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტზე იმსჯელა და შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა მე-13 წუთზე მას შემდეგ შეჩერდა, რაც მატჩის მეოთხე არბიტრმა, რუმინელმა სებასტიან კოლცესკუმ თურქული გუნდის სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი პიერ ვებო “შავ კაცად” მოიხსენია. ამის შემდეგ ორივე გუნდმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვა. მატჩი იმ დღეს გადაიდო და მომდევნო დღეს ჩამთავრდა (5:1).
უეფამ საქმის წარმოება დაიწყო შეხვედრის მთავარი არბიტრის თანაშემწის, ოქტავიან სოვრესა და სარეზერვო მსაჯ სებასტიან კოლცესკუს წინააღმდეგ. სადისციპლინო კომიტეტმა კოლტესკუს მიმდინარე სეზონის ბოლომდე ანუ 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით უეფას ეგიდით გამართულ მატჩებში მუშაობის უფლება შეუჩერა. სოვრემ საყვედური მიიღო. გარდა ამისა, მსაჯებს 30 ივნისამდე სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის გავლა მოუწევთ.
უეფა აღნიშნავს, რომ ორივე არბიტრმა დააღღვია “შესაბამისი წესით ქცევის ვალდებულება”, თუმცა “რასიზმი და სხვა დისკრიმინაციული ქცევა” არ დაუდასტურდათ. უეფას სადისციპლინო კოლეგია დაეთანხმა ეთიკისა და დისციპლინის ინსპექტორს იმაში, რომ მსაჯები უნდა იყვნენ სათანადოდ მომზადებულნი, რათა ენისა და სიტყვების შერჩევისას უკეთესი არჩევანი გააკეთონ.
გარდა ამისა, თავად პიერ ვებო არასპორტული საქციელის გამო უეფას ეგიდით გასამართ ტურნირებზე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.