კვარაცხელია ჩაკვეტაძეზე: “მისი წარმატება ისე გამიხარდება, როგორც ჩემი”
საქართველოს ნაკრების გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელზე, ვილი სანიოლზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ფრანგ სპეციალისტთან მუშაობა სასიხარულო და საინტერესო იქნება.
“სასიხარულო და საინტერესო იქნება მასთან ერთად მუშაობა. იმედი მაქვს, მისგან ბევრს ვისწავლით და რა თქმა უნდა, წარმატებას მივაღწევთ. ეს იქნება ახალი გამოწვევა. ფეხბურთელი ყველა ვარჯიშიდან და თამაშიდან რაღაცას სწავლობს. შეტევაში თამაში ძალიან მიყვარს და კარგი იქნება, თუ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ”, – თქვა ხვიჩამ ტელეკომპანია მთავარი არხის ეთერში გადაცემაში “სპორტი დიდ ქალაქში”.
კვარაცხელიამ კომენტარი გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ გააკეთა. როგორც იცით, “გენტის” ქართველი ნახევარმცველი ახლა ტრავმირებულია:
“გიორგის ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ. მას უდიდესი ტალანტი აქვს. მასთან ერთად თამაში ძალიან მეამაყება. იმედი მაქვს, მალე 100 პროცენტით მზად იქნება სათამაშოდ. მისი წარმატება ისე გამიხარდება, როგორც ჩემი.”