ხიზანიშვილი: ‘მიქაუტაძესთან დაკავშირებით, ყველაფერი მოგვარებულია’
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ მარტში გასამართი მატჩებისათვის განაცხადში რამდენიმე ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატიდან იქნება.
“პირველივე დღიდან, რაც საქმიანობას შევუდექით, ადგილობრივ ფეხბურთელებზე გავაკეთეთ აქცენტი. ეროვნული ლიგის მატჩებს დავესწარით. ჩემი დიდი სურვილია, რომ ეროვნული ლიგიდან ნაკრებში ფეხბურთელები მოხვდნენ. სანიოლმა შეამჩნია, რომ ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს. ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს აკმაყოფილებთ ის მონაცემები, რაც დღესაა. შეიძლება, ზედმეტად სირბილი არ არის საჭირო, მაგრამ თუ საკუთარ თავს ნაკრების კანდიდატად მიიჩნევ, უფრო მეტი უნდა გააკეთო”, – თქვა ხიზანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “ტაიმაუტში”.
ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თქმით, “სერენის” თავდამსხმელ ჟორჟ მიქაუტაძესთან დაკავშირებით ყველაფერი მოგვარებულია.
“მიქაუტაძესთან დაკავშირებით, ბოლო ინფორმაციით, ყველაფერი მოგვარებულია. თუ სხვა რამემ ხელი არ შეგვიშალა, ის ნაკრებში განიხილება. გიორგის არატიპიური ქართული მენტალიტეტი აქვს. ძალიან იმედიანად ვართ განწყობილნი.”
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მარტში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი 25 მარტს შვედეთს ესტუმრება, სამი დღის შემდეგ შინ ესპანეთს დაუპირისპირდება, 31-ში კი სტუმრად საბერძნეთის წინააღმდეგ ითამაშებს.